ამ მოძალადეებს, ამ უსინდისო ხალხს, სწორედ მორალური სიცხადითა და პრინციპულობით უნდა ვაჯობოთ – ამის მაგალითია დღეს გიორგი და სხვები, ვინც გარეთ ყოფნას, სატუსაღოში ყოფნა ამჯობინეს – ეს არის დარტყმა ჩვენზე, მაგრამ ამას ღირსეულად გადავიტანთ და ამ დარტყმაში გამოიჭედება ისეთი მახვილი, რომელიც ამ უსამართლობას წერტილს დაუსვამს,- ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში განაცხადა.
ცუცქირიძის განცხადებით, ეს ყველაფერი, რაც ხდება გიორგის ვაშაძისა და იმ პოლიტიკოსების მორალური გამარჯვებაა, რომლებიც ციხეში იმყოფებიან.
„ჩემი სოლიდარობა ყველას, გიორგის და მათ, ვინც პატიმრობაშია უკვე. ასევე, მას, ვინც ელოდება განაჩენს. მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჩვენ ყველას, იმ პარტიებს, ჯგუფებს, იმ სამოქალაქო ორგანიზაციებს, ვინც ვდგავართ აქ, გვაქვს, არის ჩვენი ეროვნული ენერგიის ტოტალური მობილიზაცია და ტოტალური ერთიანობა. ამ ერთიანობით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ რეჟიმს. ყველას მინდა მოვუწოდო, ბევრი განსხვავება გვაქვს ერთმანეთთან, მიდგომებში, შეხედულებებში, წარსულ რაღაცებში, მაგრამ ახლა ჩვენ იმ საფრთხის წინაშე ვართ, რომ დავკარგოთ სახელმწიფო, დავკარგოთ თავისუფლება, დავკარგოთ საქართველო და ვიყოთ რაღაც ბატონყმური მორჩილების რეჟიმში ჩავარდნილი საზოგადოება.
მე საქართველო შეიძლება ბევრნაირი წარმომიდგენია, მაგრამ არასოდეს და ვერასოდეს წარმოვიდგენ დამონებულ, დაბეჩავებულ და გაჩუმებულ საქართველოს, სადაც თბილისში, ბათუმში, ქუთაისში თუ სხვაგან სიტყვის თქმას გვიკრძალავენ. ეგეთი თბილისი და ეგეთი საქართველო მე ვერ წარმომიდგენია. ამიტომ, ყველას – პოლიტიკურ და სამოქალაქო ძალებს მოგიწოდებთ ერთიანობისკენ, ერთად დგომისკენ, ერთად ბრძოლისკენ. ახლა ეს ყველაფერი, რაც ხდება არის გიორგისა და სხვების მორალური გამარჯვება. ჩვენ ამ მოძალადეებს, ამ უსინდისო ხალხს, სწორედ მორალური სიცხადითა და პრინციპულობით უნდა ვაჯობოთ. ამის მაგალითია დღეს გიორგი და სხვები, ვინც გარეთ ყოფნას, სატუსაღოსი ყოფნა ამჯობინეს. იმიტომ, რომ არ დათმეს საკუთარი პრინციპები და არ დათმეს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ეს არის დარტყმა ჩვენზე, მაგრამ ამას ღირსეულად გადავიტანთ და ამ დარტყმაში გამოიჭედება ისეთი მახვილი, რომელიც ამ უსამართლობას წერტილს დაუსვამს“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
