ყოველდღიურად მატულობს პოლიტპატიმრების რიცხვი, რაც კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმის, თუ რა რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ქვეყანას მართავს კრიმინალური ბანდა, რომელიც ცდილობს ჩაახშოს კრიტიკული აზრი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
ანა წითლიძის თქმით, ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთობა.
„ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება, პოლიტპატიმრების ყოველდღიური მატება, კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმის, თუ რა რეალობაში გვიწევს დღეს ბრძოლა, რა რეალობაში გვიწევს ცხოვრება.
ქვეყანას მართავს რეჟიმი, ივანიშვილის კრიმინალური ბანდა, საოკუპაციო რეჟიმი, რომლის მიზანია ჩაახშოს და გაანადგუროს კრიტიკული აზრი, რათა ამ ქვეყანას დაუკარგოს ყველანაირი შესაძლებლობა. ძლიერები არ ცდილობენ პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვას, რეჟიმის მხრიდან ეს არის ძალის დემონსტრირების მცდელობა, მაგრამ ეს არის ასევე სისუსტის ნიშანი. ოპოზიციას, საქართველოს მოქალაქეებს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყნის უმრავლესობაა და წინააღმდეგია ამ რეჟიმის, უნდა გვესმოდეს, რომ ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთობა, მიუხედავად ჩვენი პარტიული პოზიციებისა და წინააღმდეგობა, ეს არის ის ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც უნდა იყოს ჩვენი პასუხი რეჟიმის წინააღმდეგ“,- განაცხადა ანა წითლიძემ.
