ისრაელმა დაადასტურა, რომ ირანთან ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებაზე აშშ-ს მიერ წარდგენილ წინადადებაზე დათანხმდა, თუმცა დაამატა, რომ ზავის ნებისმიერი სახით დარღვევას “ძალით უპასუხებს”.
პრემიერმინისტრის სამსახურის განცხადების მიხედვით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კაბინეტს, თავდაცვის მინისტრს, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბების უფროსსა და მოსადის უფროსს შეხვდა, რათა ეცნობებინა, რომ “ისრაელმა ოპერაცია “აღმავალი ლომის” ფარგლებში ყველა მიზანს მიაღწია, და უფრო მეტსაც”.
“ისრაელმა გაანეიტრალა ორმაგი მყისიერი ეგზისტენციალური საფრთხე – როგორც ბირთვული, ასევე ბალისტიკური რაკეტების კუთხით,” წერია განცხადებაში.
გავრცელებული განცხადების მიხედვით, “IDF-მა მიაღწია სრულ კონტროლს თეირანის საჰაერო ცაზე, სერიოზული ზიანი მიაყენა სამხედრო ხელმძღვანელობას და გაანადგურა ირანის მთავრობის ათეულობით ცენტრალური სამიზნე”.
“ისრაელი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპსა და აშშ-ს მათი მხარდაჭერისთვის [ისრაელის] დაცვაში და ირანული ბირთვული საფრთხის განადგურებაში მათი მონაწილეობისთვის”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანსა და ისრაელს შორის შეთანხმება მიღწეულია და მომდევნო ერთი დღის შემდეგ კონფლიქტი დასრულდება.