რუსულმა ძალებმა უკრაინის სუმის ოლქის ერთ-ერთ სოფელს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბიჭი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ გრიგოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გვაქვს ინფორმაცია სამი გარდაცვლილის შესახებ. მათ შორის 8 წლის ბიჭია. მისი ცხედარი დანგრეული სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ასევე დაიღუპნენ კაცი და ქალი“, – აღნიშნა ოლეგ გრიგოროვმა.
მისივე თქმით, ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანი ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
„სახლები დაინგრა და დაზიანდა. დარტყმების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მაშველები, ექიმები და ყველა საჭირო სამსახური მუშაობს. ადამიანებს საჭირო დახმარება გაეწევა“, – აღნიშნა ოლეგ გრიგოროვმა.
