ზვიად რატიანი სისხლის სამართლის წესით დააკავეს

პარლამენტთან უწყვეტი პროტესტის 208-ე დღეს მიმდინარე აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
მას 353 პრიმა მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინფორმაცია და ვიდეო თავდაპირველად აქციაზე მყოფმა აქტივისტებმა გაავრცელეს, ხოლო დაახლოებით 2 საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.
ორი საათის განმავლობაში ზვიად რატიანის ადვოკატმა არ იცოდა დაკავებულის ადგილსამყოფლის შესახებ. ადვოკატს ზვიად რატიანის სანახავად ამ დრომდე არ უშვებენ.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ თავდაპირველად მას პოლიციის მსუბუქ ავტომობილში სვამდნენ, თუმცა შემდგომ დაკავების მანქანაში გადაიყვანეს.
28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე უწყვეტი აქციების ფონზე, ზვიად რატიანს პირველად არ აკავებენ.
ზვიად რატიანი 28 ნოემბერს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებისას მას სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ. 2 დეკემბერს სასამართლომ მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.