მამუკა მდინარაძე – თუ კი ვინმე იტყვის, რომ რაღაც ჩაიდინეთ, დამბრალებელს ექნება ვალდებულება, ამტკიცოს და არა პირიქით, რაც აბსოლუტური მარაზმი იყო – ესეც აგენტების მხრიდან გარედან თავსმოხვეული ერთ-ერთი პირველი კანონი იყო

ამიერიდან, როდესაც კანონი ძალაში შევა და შესაბამისი ნორმა ამოქმედდება, მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელზე გადავა. თუ კი ადამიანი იტყვის, რომ მეორე ადამიანმა რაღაც გააფუჭა, ჩაიდინა, დააშავა, მას ექნება ვალდებულება, რომ ამტკიცოს, რომ ნამდვილად ასე მოხდა , – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძის თქმით, კანონის პირვანდელი ფორმა “აგენტების მხრიდან გარედან იყო თავს მოხვეული”.
“თქვენ, ალბათ, გახსოვთ, ერთ-ერთი პირველი კანონი “ნაცმოძრაობის” რეჟიმისა, ამას ეძახდნენ ე.წ. ბოკერია-რამიშვილის კანონს. ეს იყო მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით – ადამიანს შეეძლო, რომ დაებრალებინა ნებისმიერი მოქალაქისთვის, პოლიტიკოსისთვის, საჯარო პირისთვის რაღაც და მტკიცების ტვირთი იყო თქვენზე, რომ რასაც დაგაბრალებდნენ, ის თქვენ არ ჩაგიდენიათ. მაგალითად, გეტყოდნენ, რომ თქვენ მოკლული გყავთ ადამიანი და თქვენ უნდა გემტკიცებინათ, რომ არ გყავთ მოკლული ადამიანი. აქ ბალანსი აღდგება. ესეც გარედან თავს მოხვეული ერთ-ერთი პირველი კანონი იყო აგენტების მხრიდან.
აქ იქნება ევროპული მიდგომა, თუ კი ევროპელობა უნდათ. ამ მიდგომაშიც წამოგვყვნენ და კეთილი ინებონ და დაგვეთანხმონ, რომ ეს იყო გარედან თავს მოხვეული მახინჯი კანონი. ამიერიდან, როდესაც ეს კანონი ძალაში შევა და შესაბამისი ნორმა ამოქმედდება, მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელზე გადავა. თუ კი ადამიანი იტყვის, რომ მეორე ადამიანმა რაღაც გააფუჭა, ჩაიდინა, დააშავა, მას ექნება ვალდებულება, რომ ამტკიცოს, რომ ნამდვილად ასე მოხდა.
არცერთ ჩვენგანს, არცერთ თქვენგანს, არცერთ ამ ქვეყნის მოქალაქეს აღარ ექნება ვალდებულება, რომ ნებისმიერ სისულელეზე ამტკიცოს, რომ ეს სისულელე მას არ ჩაუდენია. თუ კი ვინმე იტყვის, რომ რაღაც ჩაიდინეთ, დამბრალებელს ექნება ვალდებულება, ამტკიცოს, რომ ეს არის სწორი ინფორმაცია და არა პირიქით, რაც აბსოლუტური მარაზმი იყო”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.