ანტიკორუფციულმა ბიურომ „სამართლიან არჩევნების“ (ISFED) საქმიანობის შესწავლაც დაიწყო.
ISFED-ის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო მათგანაც ბოლო 17 თვის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ითხოვს, მათ შორის ორგანიზაციის ბენეფიციარებისა და პარტნიორების კანონით დაცულ პერსონალურ მონაცემებს.
„დღეს ანტიკორუფციულმა ბიურომ „სამართლიან არჩევნებს“ ჩააბარა სასამართლოს ბრძანება ამ უწყების შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, რომლითაც მოთხოვნილია 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით ორგანიზაციაში დაცული ფაქტობრივად სრული ინფორმაცია, მათ შორის ორგანიზაციის ბენეფიციარებისა და პარტნიორების კანონით დაცული პერსონალური მონაცემები. მსგავსი შინაარსის წერილები გასულ კვირას სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებმაც მიიღეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ და მის მიერ სრული კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო უწყებები აგრძელებენ ბოლო პერიოდში მიღებული ანტიკონსტიტუციური და არადემოკრატიული კანონების გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა სამართლებრივი დასაბუთების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. ბიურო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“, ,,გრანტების შესახებ“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონების საფუძველზე ითხოვს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციას, თუმცა სათანადოდ არ განმარტავს, რა საჭიროებას წარმოადგენს ამ ინფორმაციის მიღება. სასამართლოს ბრძანების საფუძველზე ორგანიზაციიდან გამოთხოვილი მონაცემები ათასობით ბენეფიციართან დაკავშირებით, ისევე, როგორც საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, პროფესიულ საიდუმლოებას წარმოადგენს და მისი გაუმჟღავნებლობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.
„სამართლიანი არჩევნები“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს ორგანიზაციისა და ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
18 ივნისს ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, საფარი, მომავლის აკადემია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი) განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ უკვე დაიწყო რუსული კანონების აღსრულება. კერძოდ, 17 ივნისს მოსამართლეებმა მათ ოფიციალურად მოსთხოვეს ანტიკორუფციული ბიუროსთვის ბოლო 17 თვის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა. მათ შორის ისეთის, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. ამაში ხვდება ორგანიზაციების ბენეფიციართა შესახებ სენსიტიური ინფორმაცია, ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია.
ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ინფორმაცია ე.წ. ფარას (უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი) საფუძვლითაც გამოითხოვა. თუმცა სასამართლოს განჩინებებში, რომლებიც ორგანიზაციებს გაუგზავნეს, სამართლებრივ საფუძვლებში ე.წ. ფარა დასახელებული არ იყო. ის, რომ ანტიკორუფციული ბიურო ორგანიზაციებისგან ინფორმაციას ე.წ. ფარათიც ითხოვდა, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასამთავრობოებმა ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა გამოითხოვეს, რომლითაც უწყებამ სასამართლოს მიმართა.
19 ივნისს, მსგავსი დადგენილება მიიღო სოციალური სამართლიანობიც ცენტრმა და მედიის განვითარების ფონდმა.ამავე თემაზე:
· მიმოწერები, ფოტო-ვიდეო, ბენეფიციარების ინფორმაცია – რას ითხოვს ანტიკორუფციული 5 ორგანიზაციისგან
· ანტიკორუფციული ბიუროს “მტკიცებულებები” ორგანიზაციების წინააღმდეგ
· სასამართლომ ბრძანებაში არ თქვა, რომ ანტიკორუფციულმა ე.წ. ფარათიც მიმართა
