საპენსიო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ჭიჭინაძის ინფორმაციით, 2024 წელი საპენსიო სააგენტოს პორტფელებისთვის კარგი წელი გამოდგა და სამივე პორტფელის ამონაგებმა ორნიშნა ზრდას მიაღწია.
ჭიჭინაძემ საპენსიო სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა.
„დინამიკურმა პორტფელმა გასული წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი გამოავლინა და წლიურმა ამონაგებმა 13.6% შეადგინა. დაბალანსებული პორტფელი ამავე პერიოდში 12.8%-ით გაიზარდა, ხოლო კონსერვატიული პორტფელის მომგებიანობამ, სადაც გლობალური აქციების წილი ყველაზე დაბალია, 11.6% შეადგინა, რაც ასევე საკმაოდ კარგი შედეგია“, – განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.
მისივე თქმით, 2024 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საპენსიო სააგენტოს ინტეგრაცია მსოფლიო ბანკის რეზერვების საკონსულტაციო და მართვის პარტნიორობის პროგრამაში (RAMP), რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სააგენტოს სტრატეგიული აქტივების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესებაში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ობლიგაციებში ინვესტირება.
ჭიჭინაძის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 8 363 პირზე გაცემულმა პენსიამ 40 მილიონ ლარამდე შეადგინა.
