თაზო დათუნაშვილი – „ქართული ოცნებისთვის“ სათქმელი მხოლოდ ეს მაქვს: ვაი, თქვენს პატრონს უბედურს! – დააპატიმრებენ მამუკას და ბადრის? ბრძოლა გაგრძელდება, დანებებას არ ვაპირებთ!

„ქართული ოცნებისთვის“ სათქმელი მხოლოდ ეს მაქვს: ვაი, თქვენს პატრონს უბედურს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია გამოიყენება, როგორც „21-ე საუკუნის გილიოტინა „ქართული ოცნების“ წითელი ტერორის ხელში“.
თაზო დათუნაშვილმა არ გამორიცხა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მსგავსად, ბადრი ჯაფარიძე და ც დააკავონ.
„ზურას ეს არაფერს დააკლებს, თუ არ დააკლებს პოლიტიკურ პროცესს. მამუკაზე და ბადრიზე რა განაჩენს მიიღებენ, ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური განაჩენი იქნება, ამაში არ ვგულისხმობ მხოლოდ იმას, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან, ეს ცალსახაა. კომისია გამოყენებული იქნა, როგორც ერთგვარი 21-ე საუკუნის გილიოტინა „ქართული ოცნების“ წითელი ტერორის ხელში. მეორე ნაწილი არის ის, რომ ამ განაჩენების ინსტრუმენტალიზაცია ხდება. ჩვენ ხომ სასამართლო სისტემა აღარ გვაქვს. რეალურად, სასამართლო და პენიტენციური სისტემის ფუნქცია რაც იყო, მთლიანად დაკარგული გვაქვს, ჩვეულებრივ საღორედ არის გადაქცეული. მიზანი არის, რომ პოლიტიკურ პროცესზე გავლენა მოახდინონ, პროცესი არიონ, ჩვენი საზოგადოების დესტაბილიზაცია მოახდინონ. გულწრფელად გეტყვით, არ მაქვს კარგი მოლოდინი არც მამუკაზე და არც ბადრიზე“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
მისი განმარტებით, ის, ვინც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიდის, ღალატობს თავის პრინციპებს, რადგან კომისია არის ფარსი.
„ყველა ვინც მიდის, ღალატობს თავის პრინციპებს და ღალატობს საერთო ბრძოლას, რასაც ამ ქვეყნის გათავისუფლება ჰქვია იმიტომ, რომ კომისია არის ფარსი, ტყუილი, იქ არაფერი ხდება ნორმალური ან სწორი, ეს არის ერთი დიდი ღვარძლის კოლიზეუმი, სადაც ჩემი აზრით, ერთი ძალიან მძიმედ დაავადებული ადამიანი, ბოროტების სენისგან დასნეულებული, ქალბატონი წულუკიანი ანთხევს თავის ღვარძლს. ფართო კონტექსტში, საქართველოს ყმობაში დაბრუნება უნდათ, ბატონ-ყმობის ბუნების პროცესს ვადევნებთ ახლა თვალ-ყურს, ოღონდ 21-ე საუკუნის ელფერით“,-განაცხადა დათუნაშვილმა.
რაც შეეხება იმას, უარს იტყვის თუ არა „ლელო“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, თუ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პატიმრობის განაჩენი დადგება, დათუნაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება პარტიის გეგმებზე გავლენას ვერ მოახდენს და ლიდერების დაპატიმრების შემთხვევაშიც მათი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.
„დიდი ხანია ეს „დამოკლეს მახვილი“ უკვე ჩვენს კისერზე ჰკიდია, ჩვენ ამაზე ბევრი გვაქვს ნამუშევარი და ნაფიქრი. დააპატიმრებენ მამუკას და ბადრის? ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება, ჩვენ არავინ დანებებას არ ვაპირებთ. სირთულეებს შექმნის, ამისთვისაც აკეთებენ ასეთ რამეს, მაგრამ ეს გატეხს ბრძოლას? არა, არ გატეხს“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
გარდა ამისა, მან საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას დაბარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ ის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოცხადდება, პოლიტიკურად ძალიან არასწორი იქნება.
„გიორგი გახარიამ „მიქარა“, ერთხელ რომ მივიდა კომისიაზე და კიდევ მიქარავს, მეორედ თუ მივა. პოლიტიკურად ძალიან არასწორი გადაწყვეტილება იყო იქ მისვლა, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს მასიური პოლიტიკური დევნის შეტევა, როგორც ეს ხდება ხაზარაძის, ჯაფარიძის, ჩვენი თანამებრძოლი ლიდერების შემთხვევაში, რომლებიც ახლა ციხეში სხედან. ეს არის ცალსახა პოლიტიკური დევნა. თან სიმბოლურია, რომ რუსების გაღიზიანების გამო ასამართლებენ თავისივე შს მინისტრს, რომელიც ამ ფაქტის გამო, პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს. აქაც „დიფ სთეითს“ აბრალებენ ეს გონებაჩამორჩენილები ამ ყველაფერს“, – განაცხადა დათუნაშვილმა.