პატიმრობა შეუფარდეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეტის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.
მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. მათი ცნობით, მიქაუტაძე 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე, როდესაც მას სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა, თანამდებობრივ გავლენას „სანაცნობო წრისა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად“.
სუსი აცხადებს, რომ სანაცვლოდ რომეო მიქაუტაძე ენერგო კომპანიებში, ჰესებში, საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად სხვა, თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს პროკურატურამ ბრალი 21 ივნისს წაუყენა. განცხადების მიხედვით:
· 2021 წელს რომეო მიქაუტაძე დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4 400 000 დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი;
· 2023 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის მეუღლემ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 120 კვ.მ. ბინის შესაძენად, დან გადარიცხა 599 955 ევრო. ეს თანხა მის ანგარიშზე ნაღდი ფულით შევიდა 2023 წლის 26 ივნისს.
პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის, 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელ ლეგალიზაციას ედავება. ყოფილი მაღალჩინოსნისთვის წაყენებული ბრალი 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რომეო მიქაუტაძე წლების განმავლობაში მუშაობდა სამინისტროებსა და სახელმწიფო კომპანიებში:
· 2022 წლის 30 დეკემბრიდან – 2024 წლის 11 თებერვლამდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – მინისტრის პირველი მოადგილე;
· 2021 – 2022 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – მინისტრის მოადგილე;
· 2019 – 2021 – შპს „თბილსერვის ჯგუფი“ – დირექტორი;
· 2018 – 2019 – შპს „ენერგოტრანსი“ – დირექტორი;
· 2018 – საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF) – დირექტორი;
· 2018 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – მინისტრის მოადგილე (ენერგეტიკის დარგში კომპანიების კურატორი);
· 2017 – 2018 – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო – მინისტრის მოადგილე;
· 2013 – 2017 – სს გეს „საქრუსენერგო“ – გენერალური დირექტორი;
· 2010 – 2017 – სს გეს „საქრუსენერგო“ – გენერალური დირექტორის მოადგილე;
· 2009 – 2010 – სს გეს „საქრუსენერგო“ – შესყიდვების სამსახურის უფროსი;
· 2009 – სს „ხრამჰესი 1“, სს „ხრამჰესი 2“ – ის კასკადი (ინტერ რაო) – გენერალური დირექტორის მოადგილე;
· 2009 – სს გეს „საქრუსენერგო“ – გენერალური დირექტორის მრჩეველი;
· 2008 – 2009 – შპს „ჯეოინკორს“ – გენერალური დირექტორის მოადგილე ენერგეტიკის საკითხებში („ჩხოროწყუჰესი“, „კინკიშაჰესი“, „რუსმეტალი“);
· 2006 – 2008 – სს „ზაგესი 2006“ – გენერალური დირექტორის მოადგილე, ტექნიკური დირექტორი;
· 2005 – 2006 – „ვარციხე ჰესების“ კასკადი – გენერალური დირექტორის მოადგილე;
· 2004 – 2005 – ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – მინისტრის მთავარი მრჩეველი;
· 2004 – 2005 – ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – მინისტრის მრჩეველი;
· 2004 – ენერგოზედამხედველობის და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი – თავმჯდომარის მოადგილე;
· 2003 – 2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – განყოფილების უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსი.