„გახარია განსხვავებულ სტატუსშია“ – რატომ ეუბნება უარს „ოცნება“ მას კომისიასთან დისტანციურ ჩართვაზე

ყოფილი პრემიერი და ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მზად არის კიდევ ერთხელ უპასუხოს სადავო პარლამენტში მისი ყოფილი თანაგუნდელების შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვებს, თუმცა დისტანციურად.
ამაზე მას „ქართული ოცნება“ უარს ეუბნება იმის მიუხედავად, რომ მსგავსი პრაქტიკა არსებობს.
ს კომისია გიორგი გახარიას გამოკითხვას აპირებს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანასთან გახსნილ საგუშაგოსთან დაკავშირებით.
„დისტანციურად ვინც გვყავდა ჩართული, იყო ან მოწმე რაღაც მოვლენის, ან დაზარალებული. ეს სტატუსი აბსოლუტურად სხვა რამეა. გახარიასთან როდესაც გვაქვს საქმე, ის არის პასუხისმგებელი ჩორჩანის მოვლენებზე. ეს აბსოლუტურად განსხვავებულ სტატუსში აყენებს მას.
ბრალდებულს ვერ ვიტყვი, რადგან ბრალდებული არის თუ არა, ამას პროკურატურა გაარკვევს.
ის არ არის არც მოწმე და მით უმეტეს, არც დაზარალებული, ამიტომ მან კეთილი უნდა ინებოს და როდესაც მისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ კომისიაზე იყო გამოსაცხადებელი, მოსულიყო ამ სხდომაზე“, – ამბობს თენგიზ შარმანაშვილი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელიც ამავდროულად არის კომისიის წევრიც.
გიორგი გახარიას კომისიის სხდომაზე დღეს, 23 ივნისს ელოდნენ. მისმა პარტიამ გუშინ, 22 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომლითაც ირკვეოდა, რომ პოლიტიკოსი მზად არის მიიღოს გამოკითხვაში მონაწილეობა, თუმცა დისტანციურად, „ონლაინ“, რადგან საზღვარგარეთაა.
„კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანის საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული“, – აცხადებენ პარტიაში.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი „კითხვებზე პასუხის გაცემას გაურბის“.
„ამის გამო ითხოვს ის განსხვავებულ ფორმას. მე მგონია, რომ მის ინტერესებში უნდა იყოს კომისიაში, თუ მართალია… ჩემთვის სურათი არის ნათელი, ეს იყო მინიმოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს…“ – თქვა ირაკლი მ.
ირაკლი კობახიძეს არაერთხელ უთქვამს, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის „ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა“, რომელიც იმ დროს ქვეყნის პრეზიდენტი იყო.
16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისევ დაიბარეს. კომისიის თავმჯდომარეა „ქართული ოცნების“ ლიდერი და გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან ერთად კითხვებს დაუსვამენ ოპოზიციაში ყოფნის დროს „საერთაშორისო ასპარეზზე საქმიანობის“ შესახებაც.
მოგვიანებით გიორგი გახარიას თანაგუნდელმა, ბექა ლილუაშვილმა პარტიის ოფისში ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნაში ყველა „შესაბამისი უწყება“ იყო ჩართული.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის არიან ირაკლი ოქრუაშვილი, ზურა ჯაფარიძე, და . მათგან ზურა ჯაფარიძეს უკვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ. მას კითხვები დაუსვეს ოპოზიციაში გადასვლის მიზეზებსა და ჩორჩანაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საგუშაგოს გახსნაზე.
კომისია ჩორჩანის საგუშაგოს საკითხს რამდენიმე დღის წინ კვლავ დაუბრუნდა. 11 ივნისს სხდომაზე დაბარებული ელგუჯა ხარაზიშვილი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა რამდენჯერმე წარადგინა ჩორჩანის მკვიდრად. თუმცა აღმოჩნდა, რომ კაცი სოფელ წაღვლიდან იყო.
ელგუჯა ხარაზიშვილის მონათხრობით, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ადგილობრივები ვეღარ შედიან წაღვლის ტყეში, რადგან სიღრმეში შემოჭრილმა საოკუპაციო რეჟიმმა თავისი საგუშაგოც გახსნა და ტყის ნახევარი მიიტაცა.
ხარაზიშვილს არაფერი უთქვამს, თუ რა პრობლემების წინაშე იდგა სოფელი ჩორჩანა საგუშაგოს გახსნამდე და რას ფიქრობენ ჩორჩანელები ახლა.
14 ივნისს კი ამავე საკითხზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა გახარიას მთავრობის ერთ-ერთი ყოფილი წევრი, იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც მანამდე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. მისი თქმით, „შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანის საგუშაგოს დადგმის შესახებ“.
ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის დასრულების შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც გაირკვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ფორუმი