ადვოკატი – რომეო მიქაუტაძეს და მის ოჯახს ქონების წარმომავლობის დასაბუთების საშუალება არ ეძლევათ – საქმეში რამდენიმე საეჭვო ჩვენება დევს, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოწმეებზე, სავარაუდოდ, ზეწოლა განხორციელდა

ბრალი არის სრულიად დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო. ბრალი არის ნაჩქარევად წაყენებული, რადგან ბრალში არ არის ნახსენები პირთა წრე თუ ვის მიმართავდა, ან რა გავლენებს იყენებდა, ან როდის გახდა დანაშაული გამოცდილების გამოყენება? – ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, ბრალდებულ რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რომეო მიქაუტაძეს და მის ოჯახს ქონების წარმომავლობის დასაბუთების საშუალება არ ეძლევათ. როგორც ადვოკატი განმარტავს, ყოფილი თანამდებობის პირის ოჯახს კრედიტის სახით 5 მილიონი დოლარი აქვს აღებული.
„რადგან კორუფციულ დანაშაულზეა საუბარი, შესაძლოა ვინმეს შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს საქმე ეხება რომეო მიქაუტაძის მხრიდან ბიუჯეტის თანხების მითვისებას, ან მოპარვას, ეს ასე არ არის. მას ედავებიან, თითქოს ბიზნესსაქმიანობას ახორციელებდა, რისი უფლებაც ჩინოვნიკს არ აქვს, თუმცა ის საქმიანობა, რომლის მიხედვითაც მას ბრალი ედება, სამეწარმეო საქმიანობას არ წარმოადგენს. ასევე, მას ედავებიან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, თითქოს ის თავის გავლენებს, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას იყენებდა, თუმცა ბრალდება არ აკონკრეტებს, თუ რაში გამოიხატებოდა მისი მხრიდან გავლენის გამოყენება, ასევე არ კონკრეტდება თუ ვინ არიან ის პირები, რომლებსაც ის ამა თუ იმ საკითხის გადაჭრის დროს მიმართავდა, ასევე არ არის დაკონკრეტებული იმ სარგებლის შესახებ, რომელიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კომპანიებმა მიიღეს. აქედან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ ბრალი არის სრულიად დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო. ბრალი არის ნაჩქარევად წაყენებული, რადგან ბრალში არ არის ნახსენები პირთა წრე თუ ვის მიმართავდა, ან რა გავლენებს იყენებდა, ან როდის გახდა დანაშაული გამოცდილების გამოყენება?
მე არ ვიცი, რისთვის იჩქარეს, ან რა ინტერესი აქვთ. ჩვენ რა თქმა უნდა, შუამდგომლობა გვექნება, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს, რადგან მიგვაჩნია, რომ ის უდანაშაულოა. მაგრამ ჩვენ არ ვართ რეალობას მოწყვეტილნი და ვიცით სასამართლოს მიდგომა ასეთ საქმეებზე, როდესაც ასეთი ინტერესია საზოგადოების მხრიდან. თუმცა, ჩვენ ასევე, მზად ვართ გირაოს შუამდგომლობაც დავაყენოთ, მაგრამ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იქნება მთავარი მოთხოვნა.
როდესაც მსგავსი საქმეები სხვა პირების მიმართ მიმდინარეობს, პირველი, რაც ხდება, არის ის, რომ ბრალდებულს ეძლევა საშუალება ახსნას და დაასაბუთოს ქონების წარმომავლობა, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ უკანონოდ არის მოპოვებული. მოცემულ შემთხვევაში მისი არცერთი ოჯახის წევრი არ არის გამოკითხული, მათ არ მიეცათ საშუალება, რომ ქონების წარმომავლობა აეხსნათ. ახსნიან რა თქმა უნდა – მის ოჯახს სესხის სახით აღებული აქვს 5 მილიონი დოლარი, შესაბამისად, ყველა ის თანხა, რომელზეც ბრალდების მხარე საუბრობს, იფარება ამ სესხით. ის ასევე 2017 წლამდე ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას, მის საკუთრებაში იყო 2 ჰესი, რომელიც გაყიდა, საიდანაც დიდი შემოსავალი მიიღო. აქედან გამომდინარე, ამ თანხების ახსნის პრობლემა არ არის. გარდა ამისა, საუბარია 600 000 ევროზე, ამაზე რომეო მიქაუტაძე ვერ ისაუბრებს, რადგან მეუღლის სახელზე იყო და მან გაყიდა, საერთოდ რა შუაშია ამასთან რომეო მიქაუტაძე, მინიმუმ მისი მეუღლე უნდა გამოეკითხათ. ორმილიონნახევარი, რომელსაც მას ედავებიან, მოიცავს 600 000 ათას ევროსაც და 2 ავტომობილს. მის ოჯახს სოლიდური შემოსავლები აქვს, ასე იყო მის ჩინოვნიკობამდეც“, – განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.
ასევე მისივე თქმით, საქმეში რამდენიმე პირის ჩვენებაც დევს და ჩვენებების შინაარსიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ მოწმეებზე შესაძლოა, გარკვეული სახის ზემოქმედებაც განხორციელდა.
„მის საქმეში, ასევე რამდენიმე საეჭვო ჩვენებაც დევს, მათ შორის ერთ-ერთია მარიამ ქსოვრელი. შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლოა, მათზე ზეწოლა განხორციელდა, ასევე ჩვენებების შინაარსიდან გამომდინარე ჩანს ისიც, თუ რა სახის ზეწოლა შესაძლოა განხორციელებულიყო მათზე. ამ საკითხითაც დავინტერესდებით“, – განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.
ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომაზე მიქაუტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. ადვოკატის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბრალს არ აღიარებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.