რუსეთის ბაზრიდან უცხოური ბიზნესის გასვლის საკითხებზე პასუხისმგებელი სამთავრობო კომისია ყოველთვიურად ათობით განაცხადს განიხილავს ბაზრიდან გასვლის მსურველებისგან, – განუცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ივან ჩებესკოვმა RBK-ს.
მისივე თქმით, კომისიას უცხოური კომპანიების დაბრუნების შესახებ არცერთი განაცხადი არ მიუღია.
ჩებესკოვის ინფორმაციით, ბოლო დროს, რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადების ტალღა შემცირდა, მისი ვარაუდით, განაცხადების რაოდენობის შემცირებაზე, პირველ რიგში, გავლენა მოახდინა „გეოპოლიტიკამ“.
მცირე გავლენა რუსული აქტივებიდან გასვლის პირობების გამკაცრებაცაა. საუბარია რუსული აქტივების გაყიდვიდან მინიმალური ფასდაკლების 50%-დან 60%-მდე გაზრდაზე და ბიუჯეტში შენატანის – აქტივების ღირებულების 15%-დან 35%-მდე გაზრდაზე.
„რა თქმა უნდა, განაცხადების ნაკადი შემცირდა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რამდენად იმოქმედა ამაზე ასეთი ტრანზაქციების პირობების გამკაცრებამ. თუ „გასვლის“ ტრანზაქციებზე ვსაუბრობთ – ათობით ასეთია“, – თქვა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. ️
ამავდროულად, ჩებესკოვის თქმით, კომისიას არ მიუღია არცერთი განაცხადი იმ კომპანიების დაბრუნებაზე, რომლებმაც ადრე დატოვეს რუსული ბაზარი.
„შესაძლოა, მათზე მუშაობა მიმდინარეობს ინდუსტრიის დეპარტამენტების დონეზე და ჯერ არ მოუღწევიათ კომისიამდე“, – ვარაუდობს ის.
მისი თქმით, კომისიამ მხოლოდ „მიზნობრივი განაცხადები“ მიიღო ახალი რუსული აქტივების შესაძენად უცხოური კომპანიების მიერ, რომლებიც უკვე მოქმედებენ რუსეთში.
საწინააღმდეგოს ამტკიცებს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ქვეყნის მთავრობის მტკიცებით, დასავლურ კომპანიებს რუსეთის ბაზარზე დაბრუნება სურთ. „მსხვილი ბიზნესები მიკავშირდებიან, მათ დაბრუნება სურთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მაისის დასაწყისში. ხოლო კირილ დმიტრიევმა, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მონაწილემ, თებერვალში განაცხადა, რომ ზოგიერთი ამერიკული კომპანია შეიძლება დაბრუნდეს რუსეთში წლის შუა რიცხვებისთვის.
️თებერვალში პუტინმა მთავრობას დაავალა ბიზნესის დაბრუნების მექანიზმის შემუშავება. შემდეგ მან რამდენჯერმე ისაუბრა შერჩევითი მიდგომის აუცილებლობაზე დასავლური კომპანიების რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას. “თუ რუსეთისთვის დასავლური კომპანიების დაბრუნება ხელსაყრელია, მაშინ მათ უნდა მიეცეთ შესვლის უფლება; თუ ეს ხელსაყრელი არ არის, მაშინ აუცილებელია „იპოვოთ 1000 მიზეზი“, თუ რატომ არ უნდა მიეცეთ მათ შესვლის უფლება,” – განაცხადა პუტინმა მაისში ასოციაცია „დელოვაია როსიას“ მეწარმეებთან შეხვედრაზე.
️მაისის ბოლოს სახელმწიფო დუმის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა „რუსეთის ფედერაციაში უცხოური ინვესტიციების შესახებ“ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები. ისინი რუსულ ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას უარი თქვან უცხოელი ინვესტორების მიერ ომამდე მათ ეკუთვნოდათ აქტივების უკან გამოსყიდვის ოფციების განხორციელებაზე (წასული კომპანიების ყოველი მეხუთედი ასეთ შეთანხმებებს აფორმებდა ახალ რუს მფლობელებთან). თუ კანონპროექტი მიიღება, ის ფაქტობრივად საშუალებას მისცემს ბიზნესის ექსპროპრიაციას დაბრუნების მსურველთაგან.
