საქართველოს “რუხი კარდინალი” და შევარდნაძის “მანევრები” – ნუგზარ საჯაია: როგორ შეიქმნა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

დღეს საქართველოს საგარეო დაზვერვის ისტორია, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველოს დაზვერვის სამსახურის შემცირებულ/დაკნინებული სტატუსით შერწყმის საჭირბოროტო საკითხები დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ და არა ნაკლებ მნიშვნელოვან თემაზე: ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (შემდგომში ეუს) მოსალოდნელ გაუქმებაზე უნდა ვისაუბროთ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუქმებას და მისი უფლებამოსილების მთავრობისთვის გადაცემას აპირებს. რა შედეგებს მოიტანს ეს გადაწყვეტილება?

ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება სახელმწიფო სტრუქტურების (უპირველესად სპეცსამსახურების, დიპლომატიური სამსახურის, საფინანსო და ეკონომიკური უწყებების) კოორდინირებული მოქმედება, საგარეო და საშინაო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. სხვადასხვა სამინისტრო/უწყებას შორის კოორდინაციას კი, სწორედ დამოუკიდებელი სტრუქტურა – ეუს უნდა ახორციელებდეს. ასე რომ, ეუს არსებობა ვინმეს ახირება კი არ არის, არამედ – ის ყველა შემდგარი სახელმწიფოს სასიცოცხლოდ აუცილებელი მაკოორდინირებელი სტრუქტურაა, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური გემოვნება და სიმპათიები გააჩნია კონკრეტულ ხელისუფლებას. გასაკვირია, რომ დღეს, მუდმივი გლობალური და ლოკალური გამოწვევა/საფრთხეების პირობებში, ამის დასაბუთება გახდა აუცილებელი.

ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ. ეროვნული უსაფრთხოების ახლებურად გააზრებაში პიონერები ამერიკელები იყვნენ. -ის თანამედროვე ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ჩამოყალიბება ხანგრძლივი ევოლუციის შედეგია. ისტორიულად აშშ-ის ეროვნული ინტერესების, მიზნების და პრიორიტეტების, საბოლოო ანგარიშით კი ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და ტაქტიკის ფორმირება მთელმა რიგმა ობიექტურმა რეალობებმა განსაზღვრეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის ხელისუფლებამ არა მარტო სრულიად ახალი იარაღი შექმნა და გამოიყენა (მხედველობაში „ატომური ბომბი“ მაქვს), არამედ – ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი სტრუქტურებიც ჩამოაყალიბა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას (საშინაო და საგარეო საფრთხეების გამოვლენა/განეიტრალებას) ერთი პიროვნება – პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ახორციელებდა, რამდენიმე ერთგული მრჩევლის დახმარებით. ბუნებრივია, ამგვარ პირობებში უფრო მეტი იყო შეცდომაც და სუბიქტურ-არაეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაც.

ომის დასრულების შემდეგ მთელი მსოფლიო, მათ შორის – აშშ, ახალი გამოწვევა/საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა: ომის შედეგად თითქმის განადგურებული ევროპის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი; დამარცხებულ/განადგურებული იაპონიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალზე პასუხისმგებლობა; აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ე.წ. ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის დაწყება; „ცივი ომი“ და ა.შ.

ვრცლად