„პროდუქტების დეფიციტი არ გვექნება, მაგრამ ფასები საგრძნობლად მოიმატებს“ – საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი

„ირანში საომარი მოქმედებები დიდხანსაც რომ გაგრძელდეს და იქიდან ვეღარაფერი შემოვიტანოთ, პროდუქციის სხვა გზებით მიღების პრობლემა არ გვექნება, მაგრამ ფასები საგრძნობლად გაგვეზრდება“, – ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, ლაშა რიჟამაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ირანში მიმდინარე საომარი პროცესები მნიშვნელოვანი იქნება საწვავის გაძვირება-არგაძვირების მხრივაც, რაც ჩვენთვის პროდუქციის ფასების ცვლილებაზე პირდაპირ ასახვადია.
რა შემთხვევაში გაძვირდება ყოველდღიურად მოხმარებადი პროდუქტები
„სამწუხაროდ, საქართველო ყველა მიმართულებით იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. მართალია, წინსვლა გვაქვს, მაგრამ ასეთივე რეალობაა სოფლის მეურნეობაშიც, რადგან წარმოებული პროდუქტით ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება. ხაზს გავუსვამ, რომ ირანი არის ქვეყანა, რომლიდანაც სოფლის მეურნეობის ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს, მათი დიდი ნაწილი კონკურენციაში თურქულ პროდუქტთანაც შედის.
ცხადია, თუკი გვექნება მოცემულობა, რომ ირანიდან ჩვენს ქვეყანაში იმპორტი შეფერხდება, ეს ჩვენზე თავის ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს, რადგან იქიდან საკმაოდ ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს. საზამთროს შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ მის გარდაც ბევრი პროდუქტია, რომელიც ირანიდან შემოდის.
რაც შეეხება მიწოდების ჯაჭვის შეფერხების საკითხს, იმის მიუხედავად, რომ ირანს ჩვენს იმპორტში ასეთი როლი აქვს, საფრთხე დიდად მაინც არ არსებობს, რადგან სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც არსებობს და ნებისმიერი ტიპის პროდუქციის შემოტანა შეგვიძლია. პირველ რიგში, ვგულისხმობ თურქეთს, საიდანაც შემოტანის მასშტაბი გაიზრდება და ასევე გაიზრდება ფასებიც. ასე რომ, ირანში საომარი მოქმედებები დიდხანსაც რომ გაგრძელდეს და იქიდან ვეღარაფერი შემოვიტანოთ, პროდუქციის სხვა გზებით მიღების პრობლემა არ გვექნება, მაგრამ ფასები საგრძნობლად გაგვეზრდება.
ასევე, ყურადღებას გავამახვილებდი საწვავის ფასის შესაძლო ზრდაზე, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი ასპექტია. თუკი მასზე ფასი გაიზრდება, ფასებიც ზრდაზე ესეც სერიოზულ გავლენას მოახდენს როგორც იმპორტის პროცესში, ასევე შიდა გადაზიდვებისას. ამ ეტაპზე, საერთაშორისო გადაზიდვების ფასები არ შეცვლილა, მაგრამ ტენდენცია ისეთია, რისკები ამ მიმართულებით ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა რიჟამაძემ „რადიო პალიტრას“ ეთერში.