დღეს, 20 ივნისს დილით ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიამ სარაკეტო შეტევა მიიტანა ისრაელის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბეერ-შევაზე. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაზიანდა სახლები, დამწვარია ავტომობილები.
ისრაელის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავდა 5 ადამიანი.
ირანმა ბეერ-შევაზე სარაკეტო იერიში მიიტანა 19 ივნისსაც. დარტყმას ნგრევა მოჰყვა სამედიცინო ცენტრის შენობაში.
ბეერ-შევა მდებარეობს ნეგევის უდაბნოში, სადაც ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაა დისლოცირებული.
დღეს დილით ისრაელის გამანადგურებლებმა ისევ დაბომბეს ირანის დედაქალაქი თეირანი და სხვა რაიონები.
ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, 60 თვითმფრინავით იერიში მიიტანეს თეირანში მდებარე სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე, სადაც ირანი აწარმოებს რაკეტების კომპონენტებს და სამხედრო ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაციის შტაბ-ბინაზე.
ისრაელის არმიის თანახმად, ირანში დაარტყეს კიდევ ერთ ობიექტს, რომელიც ბირთვული პროგრამისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებს აწარმოებს. ისრაელის თავდაცვის არმიას არ დაუკონკრეტებია, რა ობიექტია ეს და სად მდებარეობს.
· ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
· პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
· ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
ბოლო დღეებში დასავლეთის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს ირანის საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციაში ჩართვის საკითხს, შესაბამის გეგმას მხარიც დაუჭირა და აშშ-ს ირანისთვის შესაძლოა, ამ კვირაშიც დაერტყა.
19 ივნისს, დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტრამპი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გადაწყვეტს, ჩაერთვება თუ არა აშშ ირანის საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციაში. თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებს გააცნო პრეზიდენტის განცხადება, რომ რადგან ირანთან მოლაპარაკების შანსი არსებობს, გადაწყვეტილებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მიიღებს.
ფორუმი
