“გვინდა თუ არა, თბილისს ახალი მეტრო სადგურები დასჭირდება,” – ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში “ურბანული ლაბორატორიის” ხელმძღვანელმა, გიორგი ბაბუნაშვილმა ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, 2017 წლიდან დღემდე, მეტროში დაფიქსირებული გადახდების მიხედვით, ამ ტრანსპორტში მგზავრთნაკადი 40%-ით გაიზარდა და მიუხედავად იმისა, რომ მგზავრთა სტატისტიკა ცნობილი არ არის, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი ძირითადი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები არიან და არა – მიგრანტები.
გიორგი ბაბუნაშვილი გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე მეტროს ვაგონების განახლებისა და ახალი სადგურების დამატების საჭიროებაზე საუბრობს. მისი თქმით, ახლო ვადიან პერსპექტივაში სადგურების დამატებას, შესაძლოა, არ ველოდეთ, თუმცა უნდა განიხილებოდეს არსებულ სადგურებზე ნაკადების განტვირთვა.
“მეტროში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც არის მოძველებული მოძრავი შემადგენლობის პარკია. ის 193 ვაგონი, რომლებიც თბილისში მოძრაობენ, გამოშვებულია 1974 წლიდან 1992 წლამდე, ყველაზე ახალი 1992-წლიანია. ბუნებრივია მათ რამდენჯერმე ჩაუტარდათ კაპიტალური რემონტი, მოდერნიზაცია, მაგრამ ტექნიკას აქვს თავისი ლიმიტი და ეს ტექნიკა სულ უფრო და უფრო ხშირად გამოდის მწყობრიდან. საჭიროა ძალიან მალე ამ ვაგონების ჩანაცვლება, ველოდებით ტენდერის შედეგებს და იმედია, რომ შედგება, იმიტომ რომ წინა ტენდერი ჩაიშალა.
რაც შეეხება ახალი სადგურების დამატებას, ეს უფრო შორი პერსპექტივაა, ვიტყოდი, რომ შეიძლება ვიფიქროთ არსებულ სადგურებზე დამატებითი ამოსასვლელების მოწყობაზე, იგივე გლდანში, სადაც ძალიან გადატვირთულია სადგური, თუმცა პერსპექტივაში, გვინდა თუ არა, თბილისს დასჭირდება ახალი მეტრო სადგურები, იმიტომ რომ მარტო საავტობუსე ქსელი პრობლემებს ვერ გაუმკლავდება”, – ამბობს გიორგი ბაბუნაშვილი.
