2025 წლის I კვარტალში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თვეში 2,400 ლარს და მეტ ხელფასს იღებს. ამის შესახებ პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) შრომის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში 2021 წლის I კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც 0-დან 600 ლარამდე ხელფასს იღებდა. ხელფასების ზრდა ძირითადად 1,200-დან 2,399 ლარამდე და 2,400 ლარის ან მეტი შემოსავლის სეგმენტზე კონცენტრირდა.
“ხელფასების განაწილების გასაგებად მნიშვნელოვანია ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობის სახელფასო კატეგორიების მიხედვით ანალიზი. აღსანიშნავია, რომ 0-დან 600 ლარამდე თვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 2021 წლიდან სტაბილურად მცირდებოდა, რის შედეგადაც 2025 წლის კვ. I-ში, 2021 წლის კვ. I-სთან შედარებით, მაჩვენებელმა 40.3%-ით დაიკლო. გარდა ამისა, შემცირდა იმ პირთა რაოდენობაც, რომლებიც 600-დან 1199 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდა (-17.7%).
ამის საპირისპიროდ, 1,200-დან 2,399 ლარამდე თვიური ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა 2025 წლის კვ. I-ში, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის კვ. II-ში ამ სეგმენტში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. თუმცა, ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა იმ პირთა შორის, რომლებიც 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდა, კერძოდ, აღნიშნულ კატეგორიაში ადამიანების რაოდენობა 2025 წლის კვ. I-ში, 2021 წლის კვ. I-თან შედარებით, თითქმის გაორმაგდა”,- წერია მიმოხილვაში.
რაც შეეხება ხელფასების დინამიკას, 2025 წლის I კვარტალში, 2019 წლის I კვარტალთან შედარებით, საშუალო ნომინალური ხელფასი თითქმის გაორმაგდა, კერძოდ, 1,093 ლარიდან 2,170 ლარამდე გაიზარდა. თუმცა, ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ხელფასების ზრდა გაცილებით ზომიერი იყო (2019-2024 წლებში 935 ლარიდან 1,300 ლარამდე გაიზარდა).
