კომპანიათა 80% მომავალ 6 თვეში ლარი/დოლარის კურსის ცვლილებას არ ელის – BAG

2025 წლის II კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა (80%) არ ელის მომავალ 6 თვეში ლარის დოლართან გაცვლითი კურსის ცვლილებას. ამის შესახებ აღნიშნულია BAG ინდექსის მეორე კვარტალის კვლევაში.
BAG-ის ინდექსის თანახმად, იმ კომპანიების წილი, რომლებიც ლარის გაუფასურებას ელიან, 11%-ია, ხოლო მათი, ვინც გამყარებას მოელის – 8%.
აღსანიშნავია, რომ წინა კვარტალთან შედარებით, 34 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო 6 თვეში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას არ ელიან, ხოლო 30 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებსაც მომდევნო 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი აქვთ.