საქართველოში ინდოელთა ქორწილების წახალისებისთვის GNTA ინდოელ ქორწილების ორგანიზატორებს იწვევს (bm.ge)

საქორწილო ტურიზმი ერთ-ერთი მზარდი მიმართულებაა, რომლის წახალისებისთვისაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სტრატეგიულად მიმზიდველ ბაზრად სამხრეთ აზიის ქვეყნები, მათ შორის ინდოეთი განსაზღვრა.
ტურიზმის ადმინისტრაციამ ინდურ ბაზარზე ტურიზმის მარკეტინგის წარმართვისთვის 407 ათას დოლარად კომპანია THINKSTRAWBERRIES LUXURY TRAVEL MARKETING PVT-ი დაიქირავა. გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს როგორც ინდოელთა ქორწილებისთვის მიმზიდველი დანიშნულების პრომოცია. აღნიშნულისთვის ადმინისტრაცია მოიწვევს ინდოელ ქორწილების ორგანიზატორებს. THINKSTRAWBERRIES LUXURY TRAVEL MARKETING PVT-იმ უნდა შეარჩიოს ოთხი ქორწილების ორგანიზატორები, რომელთაც შემდგომში ლოკაციების გაცნობის მიზნით საქართველოში მოიწვევენ.
გასულ წელს ტურიზმის სფეროს ექსპერტმა შალვა ალავერდაშვილმა BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ინდოელი წყვილების მხრიდან საქართველოში ქორწილების გამართვის მიმართულებით მოთხოვნა ნამდვილად არსებობს, თუმცა პრობლემას წარმოადგენდა ის ფაქტი რომ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საქორწილო ჯგუფის წევრებს (სტუმრებს) ვიზებს არ აძლევდნენ, რის გამოც ქორწილები საქართველოს ნაცვლად სხვა ქვეყანაში ინაცვლებდნენ.
რაც შეეხება ინდურ ბაზარზე სხვა ტურისტული მარკეტინგის აქტივობებს, მისი ჩამონათვალი ასეთია:
· 15-წამიანი რეკლამები Youtube-ზე, კამპანიის ხანგრძლივობა 90 დღე, მოსალოდნელი ნახვები 2.75 მილიონი, კლიკი 16,000;
· 3-4 ვიდეო Instagram-ზე, რომელთა დასპონსორებაც მოხდება. კამპანიის ხანგრძლივობა 90 დღე, მოსალოდნელი ნახვები 9.6 მილიონი, კლიკი 67,000;
· სპეციალური ვიდეოკონტენტის გადაღება საქართველოში, რომელიც შემდეგ ინდურ სოცმედიაში გამოქვეყნდება, პროექტს 7-კაციანი გადამღები ჯგუფი მოემსახურება;
· ონლაინ მედია რეკლამები – ნახვები 13 მილიონზე მეტი;
· ბეჭდურ მედიაში რეკლამები – ერთი სარეკლამო გვერდი, ცირკულაცია 300,000 ეგზემპლარი;
· როუდშოუ დელისა და მუმბაიში;
· ინფლუენსერ მარკეტინგი – 5 ინფლუენსერის საქართველოში ჩამოყვანა, საშუალო ფოლოვერების რიცხვი 500,000+, მათ მიერ დასაპოსტი პოსტების რიცხვი 3-4; სთორების რიცხვი 15-20;
· კორპორატიული ტურიზმის მარკეტინგი – MICE ტურიზმის 5 წარმომადგენლის ვიზიტი;
· ქორწილების დაგეგმვის მარკეტინგი – 4 ქორწილის დამგეგმავის ვიზიტი საქართველოში.
2024 წელს ინდოეთიდან საქართველოში რეკორდული რაოდენობის, 124 335 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, რაც წლის ჭრილში 46.8%-იანი ზრდაა. ამ მაჩვენებლით ინდოეთმა ქვეყნების ჩამონათვალში მეცხრე პოზიცია დაიკავა.
bm.ge