მახსოვს გიორგი გახარია და მისი ქემოკლიძეები, რომლებიც „ყელყელაობდნენ“ -ახლა ნელ-ნელა ირკვევა, რომ არა თუ დაიცვეს, არამედ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი [ტერიტორია] საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლიდან დაკარგეს , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიამ ყველანაირი პროცედურა დაარღვია.
„ამ [ჩორჩანას საქმეს] არანაირი კავშირი არჩევნებთან არ აქვს. სხვათა შორის თავად მისი პარტიაც ამას აცხადებს, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობენ.
ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის ამას მნიშვნელობა აქვს. 2019 წელს, მე ამ პროცესს ვუყურებდი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და ტელევიზიით ინფორმაციას ვიღებდი. მახსოვს გიორგი გახარია და მისი ქემოკლიძეები, რომლებიც „ყელყელაობდნენ“, რომ „აი, რა მაგრები ვართ, ავდექით და ჯიხური დავდგით. ამით საქართველოს ტერიტორია, რომელიც რაღაც რისკის ქვეშ იყო, არ [დავთმეთ]“. ეს იყო ის, რაც მაშინ, 2019 წელს, როგორც მოქალაქემ გავიგე. ახლა ნელ-ნელა ირკვევა, რომ არა თუ დაიცვეს, არამედ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი [ტერიტორია] საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლიდან დაკარგეს.
ჩვენ ვისმენთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ერთპიროვნულად გადაწყვეტილებები მიიღო და იქ საგუშაგო ჯიხური დადგა. ეს არ არის ჯიხურის დადგმა ნავთლუღში. საქმე ეხება, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ტერიტორიას, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრმა თვითნებურად, მარტო და ყველას თანხმობის გარეშე, ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს.
მან [გიორგი გახარიამ] პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე თავადაც დაადასტურა, რომ სუს-ი წინააღმდეგი იყო. ირკვევა, რომ მათ შორის, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა არ იცოდა. ამასთან, ირკვევა, რომ მათ შორის პროცედურა საგუშაგოების გახსნის დაარღვია, რადგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ შეატყობინა. აგრეთვე, ითქვა, რომ იმ პერიოდში, ზუსტად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ორი საგუშაგო სხვადასხვა ადგილას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გაიხსნა და ზუსტად, პროცედურების დაცვით გაიხსნა. თუკი რაიმე იყო გასაკეთებელი ამისთვის პროცედურები არსებობდა, მაგრამ ყველანაირი პროცედურა, როგორც სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობის, ისე პროცედურა, რაც მას საქართველოს მთავრობაში უნდა გაევლო, დაარღვია. თვითნებურად იმოქმედა და ის შედეგი მიიღო, რაც განჭვრეტადი იყო. სუს-ი ზუსტად ამას ეუბნებოდა, რომ „ეს აღქმული იქნება პროვოკაციად“, „ესკალაციას გამოიწვევს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
