საქართველოს საზღვარზე ჩვენი კონიაკით დატვირთული 15 მანქანაა გაჩერებული, პრობლემა მოუგვარებელია – „პროშანი“

სომხური კონიაკით დატვირთული ტრაილერები საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე 1.5 თვეზე მეტია რაც დგანან. აღნიშნული პრობლემა დღემდე მოუგვარებელია, იმის მიუხედავად, რომ სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნესს ამ საკითხის გადაწყვეტას დაჰპირდნენ. წერს სომხური მედია.
BM.GE კონიაკის მწარმოებელ კომპანია „პროშანის“ ექსპორტის სპეციალისტმა გაიანე პოღოსიანს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ მათ კონიაკით დატვირთული სატვირთოების სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ხანგრძლივად გაჩერების მიზეზებსაც არ უხსნიან, ეს კი მწარმოებლებს დიდ ზიანს აყენებს.
„ამ დროისთვის საქართველოს სასაზღვრო გამშვებ-პუნქტზე ჩვენი კონიაკით დატვირთული 15 მანქანაა მოლოდინის რეჟიმში. გუშინდელი დღიდან ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ 50 სატვირთოს გაშვება უნდოდათ, თუმცა აქამდე მათი წარმომადგენლები მძღოლებს არ დაკავშირებიან. პრობლემა მოუგვარებელია. ჩვენ ვცდილობთ დავაზუსტოთ მანქანის ნომრები, რომელთა გაშვებაც იგეგმება, რათა მანქანის მძღოლები ადგილზე დროულად გავაგზავნოთ, მაგრამ ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიღებთ. ქართული მხრიდან საკონტაქტო პირის არარსებობა მდგომარეობას მნიშვნელოვნად ართულებს და ოპერატიულ ურთიერთქმედებას უშლის ხელს. გარდა ამისა, ჩვენთვის გაუგებარი რჩება მიზეზი, რომლის გამოც ქართული მხარე აჩერებს მანქანებს და ამის მიზეზად ლაბორატორიულ ანალიზებს ასახელებს. ამ შემოწმებების შესახებ ოფიციალური განმარტებები ან კონტროლის კონკრეტული შედეგები ჩვენ არ მიგვიღია“, – აცხადებს „პროშანის“ წარმომადგენელი.
13 მაისს სომხეთში, საქართველოს საელჩოსთან კონიაკის ადგილობრივმა მწარმოებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მეწარმეები სომეხი ექსპორტიორების საზღვარზე უმიზეზო შეყოვნების შეწყვეტას ითხოვდნენ. კომპანიების წარმომადგენლების ინფორმაციით, საქართველოს გავლით სომხური კონიაკი რუსეთსა და ბალტიისპირა ქვეყნებში რეალიზებისთვის არის განკუთვნილი, ხანგრძლივი პროცედურები კი ამ პროცესს აფერხებს. პროტესტის შემდეგ სომხურმა მედიამ კითხვებით ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ სომხეთი ალკოჰოლის ექსპორტში არსებული პრობლემის გადაწყვეტის გზებს ეძებს და ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა უახლოეს მომავალში ამ საკითხის მოგვარების მიზნით, საქართველოში ვიზიტიც არ გამორიცხა. მას შემდეგ კი ერთ თვეზე მეტი გავიდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სომხეთში კონიაკის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლების პროტესტის საპასუხოდ აცხადებენ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კონტროლის პროცედურები სტანდარტულად მიმდინარეობს. მოგვიანებით კი დაგვიკონტრეტეს, რომ საქართველომ მაისში ამ 23 მაისამდე სომხური კონიაკით დატვირთული 27 სატრანსპორტო საშუალება გაატარა. სომხური მედიის ცნობით, საზღვარზე კონტროლის მოლოდინში კონიაკით დატვირთული რამდენიმე ათეული მანქანაა გაჩერებული.