რუსული კანონების აღსრულება დაიწყო – არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, 17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო.
„ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების — წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია“, — ნათქვამია განცხადებაში.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არ აპირებენ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას მათი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს.
„ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ. ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ. ჩვენთვის მათი მიზანი ცხადია – ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისე, როგორც ამას 1920-იან წლებში ბოლშევიკები, ბოლო დეკადაში კი – პუტინისა და ლუკაშენკას რეჟიმები აკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისადმი შეგუებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად“, — ნათქვამია განცხადებაში.
„ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი ამბობს, რომ გუშინ მოსამართლეებმა ხუთ ორგანიზაციას — ღია საზოგადოების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, საფარი, ფრანკლინის კლუბი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი — ოფიციალურად მოსთხოვეს ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარმოუდგენელი ინფორმაციის გადაცემა, მაგალითად, ისეთი ინფორმაციის, როგორიცაა ბენეფიციარი, დაცვის ქვეშ მყოფი ან სულაც შეხვედრებზე დამსწრე ადამიანების სიები, სახელები, გვარები, ფოტოსურათები, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები.
„რომ გაიაზროთ რას ითხოვენ, მაგალითად, ჩემი ორგანიზაცია 200 დღეზე მეტია, უსასყიდლო სამართლებრივ დახმარებას აწვდის რეჟიმის მიერ ნაწამებ, ჩაგრულ, დაჯარიმებულ ადამიანებს. ჩვენი იურისტები იცავენ პოლიტპატიმრების ინტერესებსაც. ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველა ჩაგრული ადამიანის ისტორიის შეგროვებას, დოკუმენტირებას, დამუშავებას, სამართალწარმოებას, მათი სახელებისა და საქმეების ყველგან გაჟღერებას. ანალოგიურად წლებია, „საფარი“ იცავს, ეხმარება და წარმოადგენს ქალებსა და ბავშვებს „გამჭვირვალობა“ წლებია იცავს მამხილებლებს, სასამართლოში მიჰყვება ათასობით ადამიანს. ეს სია უსასრულოა. და ახლა ცინიკურად ითხოვენ, რომ ამ ადამიანების, ჩვენი მოქალაქეების ნდობას სრულად ვუღალატოთ, რომ მათი კონფიდენციალური, მათ შორის, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, მათივე მჩაგვრელებს გადავცეთ. ვერ ეღირსებიან“, — წერს ბრაჭველი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – საძინებლებში უძვრებიან ადამიანებს და არ იცოდნენ, რომ საგუშაგოებს აწყობდნენ? – გახარია ადგა, ტრაქტორზე დაჯდა, გზა გაიყვანა და ააგო საგუშაგო, სუს-ს და ბახტაძეს კი ეძინათ? – ქვეყნის პრემიერი იყო, გამოვიდეს და ილაპარაკოს