ირანის ბოლო შაჰის უფროსმა ვაჟმა, სამშობლოდან დევნილმა რეზა ფეჰლევიმ, რომელიც თავს ტახტის მემკვიდრედ მიიჩნევს, თანამემამულეებს მიმართა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ თავის დასასრულს მიაღწია და ნგრევის პროცესშია.
13 ივნისს ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელსაც თეირანმაც სამხედრო ძალით უპასუხა.
ირანელებისადმი მშობლიურ ენაზე ვიდეომიმართვას, რომელიც ფეჰლევიმ 17 ივნისს სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა, თან ახლავს ინგლისურენოვანი თარგმანი.
რეზა ფეჰლევი აცხადებს, რომ ხამენეი(ირანის უზენაესი ლიდერი), როგორც „შეშინებული ვირთხა” იატაკქვეშეთში გადავიდა და სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. ფეჰლევი დარწმუნებულია, რომ პროცესი შეუქცევადია და ირანს ნათელი მომავალი აქვს.
რეზა ფეჰლევის თანახმად, ისლამური რესპუბლიკის დასასრული იქნება ირანელი ხალხის წინააღმდეგ მისი 46-წლიანი ომის დასასრული, რეჟიმის რეპრესიული აპარატი ინგრევა და საჭიროა საერთო ეროვნული ამბოხება, რათა კოშმარი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. ფეჰლევიმ ირანელებს მოუწოდა ამბოხებისკენ, რეჟიმის დასრულებისა და ირანის დაბრუნებისკენ.
ფეჰლევი ირანელებს მიმართავს, რომ ისლამური რესპუბლიკის დაცემა არ გამოიწვევს სამოქალაქო ომს, ან არასტაბილურობას, რადგან აქვთ ქვეყნის აყვავებული მომავლის გეგმა და მზად არიან რეჟიმის დაცემის შემდეგ პირველი ასი დღის, გარდამავალი პერიოდისა და ირანელი ხალხის მიერ ეროვნული და დემოკრატიული მთავრობის ფორმირებისთვის.
ირანში მონარქია 1979 წელს, ისლამური რევოლუციის შედეგად დაემხო. დევნილი შაჰი მოჰამად რეზა ფეჰლევი 1980 წელს, ეგვიპტეში გარდაიცვალა. მისი ვაჟი რეზა ფეჰლევი აშშ-ში ცხოვრობს.
ფეჰლევი ირანის ისლამური რესპუბლკის ხელისუფლების მიერ აკრძალული ეროვნული საბჭოს ლიდერია. ირანში მისი პოპულარობის შეფასება დღევანდელ პირობებში საკმაოდ რთულია.
ირანის ბოლო შაჰს პროდასავლური პოლიტიკა ჰქონდა, თუმცა ქვეყანას ავტორიტარული მეთოდებით მართავდა. ამასთან, მონარქის მიერ ოპონენტების დევნა შეუდარებელია იმ რეპრესიებთან, რომლებიც ისლამური რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ დაიწყო.
· ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
· პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
· ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
ფორუმი
