18 ივლისს ევროპარლამენტში გაიმართება დებატები საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. დებატების მთავარი თემა იქნება „ნეტგაზეთის“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 5 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
19 ივნისს, ხუთშაბათს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას მზია ამაღლობელისა და საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე. არსებობს რეზოლუციის 7 პროექტი, რომელთაზეც ევროპარლამენტარები დებატების დროს იმსჯელებენ.
მისი ავტორები არიან ლენა შილინგი (ავსტრია), მელისა კამარა (საფრანგეთი), მუნირ სატური (საფრანგეთი), ვილე ნიინისტიო (ფინეთი), მარია ოჰისალო (ფინეთი), მარტინშ სტაკისი (ლატვია), ნიკოლაე შტეფანცუა (რუმინეთი) და მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთი).
რეზოლუციის ეს პროექტი ოთხ ძირითად მოთხოვნას აყენებს:
· მზია ამაღლობელის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ამ საფუძველზე ითხოვს მედიამენეჯერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. გარდა ამისა, რეზოლუცია მოითხოვს სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც;
· გამოხატულია შეშფოთება ქართული პოლიციის მიერ მშვიდობიანი მიტინგების დასაშლელად გამოყენებული სისტემური ძალადობის გამო;
· დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის რეაგირება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე უნდა გამოიხატოს მკაცრ სანქციებში. სანქციები უნდა დაწესდეს როგორც ბიძინა ივანიშვილზე, ასევე იმ სახელმწიფო მოხელეებსა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიულ ქმედებებზე;
· ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის ფონზე, ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ბოლო დროს არსებული დინამიკა წინააღმდეგობაში მოდის ამ სტრატეგიის პრინციპებთან.
პროექტი 6 პუნქტად არის დაყოფილი:
· გმობს მზია ამაღლობელის დაპატიმრებას. ხაზს უსვამს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია და გამოხატავს შეშფოთებას დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული არაპროპორციული ძალის გამო;
· მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, განსაკუთრებით პრესის თავისუფლებისა და პოლიტიკური უფლებების სფეროში;
· მოითხოვს მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ჟურნალისტთა გამოხატვის თავისუფლება და მედია პლურალიზმი;
· ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი უნდა განისაზღვროს ქართველი ხალხის მიერ ყოველგვარი გარე ჩარევის და ზეწოლის გარეშე. ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს;
· რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება საქართველოსთვის;
· დოკუმენტი უნდა გაეგზავნოს ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს, სტრუქტურულ ერთეულებს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს.
დოკუმენტს ხელს აწერს დაახლოებით 20 ევროპარლამენტარი, მათ შორის — ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიტვა). რეზოლუცია 9 პუნქტისგან შედგება:
· პირველი მოთხოვნაა მზია ამაღლობელის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება, ასევე — გამოძიება მისი დაკავების შემდეგ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე;
· რეზოლუციაში აღნიშნულია სხვა პირებიც, რომელთა საქმეებიც, ავტორთა აზრით, პოლიტიკურად მოტივირებულია. მათ შორის: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და მათე დევიძე;
· გმობს ძალადობას ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გამოძიონ ეს შემთხვევები;
· მოითხოვს რეპრესიული კანონების გაუქმებას, რათა მათ აღარ ჰქონდეთ გამოყენების შესაძლებლობა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საკანონმდებლო ბერკეტად;
· გამოთქვამს შეშფოთებას იმით, რომ მედია-სივრცეში დომინირებენ პროსახელისუფლებო ტელევიზიები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციასა და ცრუ ნარატივებს ევროკავშირის შესახებ;
· მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და იმ მოსამართლეებისა და სხვა პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე. მათ შორის — სავიზო შეზღუდვების სახით;
· ხაზგასმულია, რომ სანამ საქართველოში არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლობით, მანამდე ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტს და მის მიერ დანიშნულ პრეზიდენტს;
· ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გაზარდონ ქართული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება;
· დოკუმენტი უნდა გაეგზავნოს ევროკავშირის სტრუქტურებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ მთავრობას.
ბეტრ ბისტრონის, ტომაშ ფროელიჩის, ჰანს ნოიფომისა და ალექსანდრ სელის რეზოლუციის პროექტი 7 პუნქტს მოიცავს:
· აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მკვეთრად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში;
· 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს პროექტის ავტორები აღიარებენ როგორც თავისუფალსა და სამართლიანს, რომელშიც ამომრჩეველმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი არჩევანი;
· მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ქმედებები მიზნად ისახავს ხელისუფლების შეცვლას არაკონსტიტუციური გზებით და ამ პროცესში მათ მხარდაჭერას უცხოელი აქტორები უწევენ. ასევე მიიჩნევა, რომ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოთა მცდელობები დემოკრატიას საქართველოში ზიანს აყენებს და ხელს უწყობს პოლარიზაციის ზრდას;
· პასუხისმგებლობას ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასა და მმართველ პარტიას შორის დაპირისპირებაზე აკისრებენ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც, მათ შეფასებით, ჩართული იყვნენ “მთავრობის დამხობის მიზნით აგიტაციაში”. ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი ორგანიზაციები ნაკლები ნდობით სარგებლობენ საზოგადოებაში, რაც მათი საქმიანობისა და საზოგადოების რეალურ საჭიროებებს შორის შეუსაბამობითაა გამოწვეული;
· ევროკავშირს მოუწოდებენ, გადახედოს მიდგომას საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ და არ აღიქვას პარტიათაშორისი დაპირისპირება მხოლოდ შავ-თეთრი კატეგორიებით;
· რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ონლაინ მედია საქართველოში მრავალფეროვანია და აშუქებს საკითხების ფართო სპექტრს, ხოლო მთავრობის მხრიდან მედიის შეზღუდვის მცდელობები მინიმალურია;
· პროექტი ითხოვს, რომ რეზოლუცია გადაეგზავნოს ევროკავშირის სტრუქტურებსა და საქართველოს ხელისუფლებას.
დოკუმენტს წარადგენენ ევროპარლამენტარები: იანის მანიატისი (საბერძნეთი), ფრანცისკო ასისი (პორტუგალია) და ტობიას კრემერი (გერმანია).
რეზოლუცია მოიცავს შემდეგ ძირითად მოწოდებებს და შეფასებებს:
· მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და მოუხსნას მას ყველა უსაფუძვლო ბრალდება;
· ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, დააკვირდნენ ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს;
· საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების შევიწროება;
· გამოხატავს სოლიდარობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც პროტესტში არიან ჩართულები — განსაკუთრებით კი ისეთ პირებთან, როგორიცაა მზია ამაღლობელი, რომელიც სიმბოლოდ იქცა საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლის შენარჩუნების ბრძოლაში;
· ხაზგასმულია, რომ ახალი რეპრესიული კანონმდებლობა — მათ შორის, ე.წ. „რუსული კანონი“ და მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებები — შეუძლებელს გახდის საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებას;
· საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყველა დაკავებული, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაბრუნდეს დემოკრატიის გზაზე;
· ევროკავშირს მოუწოდებს, გააგრძელოს ქართული სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა;
· პოლიტიკურ შეფასებაში „ქართული ოცნება“ მოხსენიებულია როგორც საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება.
პროექტის ავტორებს შორის არიან დეივიდ მაკალისტერი (გერმანია), მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი), რასა იუკნევიჩიანე (ლიტვა) და სხვა ევროპარლამენტარები.
დოკუმენტი მოიცავს შემდეგ ძირითად პოზიციებს:
· მკაცრად გმობს “ქართული ოცნების” თავდასხმებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო სექტორსა და სასამართლოზე;
· გმობს მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივ დევნასა და პატიმრობას, რომელსაც პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს. რეზოლუცია ითხოვს ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას, რომლებიც დაკავშირებულია პროფესიულ საქმიანობასთან;
· გამოხატულია შეშფოთება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანიების, დაჯარიმებებისა და დაკავებების გამო;
· გმობს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მეუღლის, კოტე იოსელიანის სავარაუდო გატაცებას და მისი შვილებით მუქარის ფაქტს. მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა;
· გმობს 21 წლის მათე დევიძის 4 წლითა და 6 თვით დაპატიმრებას. ასევე მოითხოვს ოპოზიციონერი ლიდერების — ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას — დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;
· მოითხოვს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას;
· მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი რეჟიმის ხელშემწყობი ყველა პირის მიმართ, მათ შორის — იმ პირების მიმართაც, ვინც პასუხისმგებელია მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე;
· დოკუმენტის გავრცელება უნდა მოხდეს ყველა შესაბამის და დაინტერესებულ მხარესთან.
დოკუმენტს ხელს აწერს 14 ევროპარლამენტარი და ის 8 პუნქტისგან შედგება:
· მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და მოუხსნას ყველა წაყენებული ბრალდება;
· მოითხოვს, შეწყდეს ჟურნალისტების დევნა, მუქარა და პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება საქართველოში;
· მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, ეფექტიანად გამოიძიონ სამართალდამცავების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევა;
· გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ქართული მედიასივრცე დომინირებულია პროსახელისუფლებო ტელევიზიებით, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციასა და ცრუ ნარატივებს ევროკავშირის შესახებ და ამით ხელს უწყობენ საზოგადოებრივ პოლარიზაციას;
· აღნიშნავს განგაშით, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები ხშირად ემთხვევა კრემლის ნარატივებს. ასევე მიუთითებს საქართველოდან რუსეთთან მზარდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებზე, რაც პარალელურად აფერხებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს — ამით კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას;
· მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს ინდივიდუალური სანქციები იმ პოლიტიკური ლიდერებისა და ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის უკუსვლაზე საქართველოში. კონკრეტულად სახელდება: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი. სანქციები ასევე უნდა გავრცელდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართულ მოსამართლეებზე, ხელისუფლების მხარდამჭერ ბიზნესმენებსა და პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების მფლობელებზე;
· მოითხოვს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას „ჰუმანიტარული საფუძვლით“, რათა მას მიეცეს საშუალება, საზღვარგარეთ მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება. მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“;
· რეზოლუციის ტექსტი უნდა გაეგზავნოს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს.
ამავე თემაზე:
18 ივნისს ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება
