წერილი პატიმრობაში მყოფ ახალგაზრდა ექიმს გიორგი ახობაძეს.
„ჭეშმარიტად სულისშემძვრელად საოცარი იყო, გიორგი, ის, რომ თქვენი დედაშვილობის ტკივილის გაზიარებით, თქვენი უზომოდ ამაღელვებელი სიტყვით ამ დედაშვილობაზე, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უკიდურესად მნიშვნელოვან დღეებში, უზომოდ მაღალი მგრძნობელობის ვითარებაში, როცა უკიდურესად შეცვლილ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ადგილის განსაზღვრას ცდილობენ ჩვენი ახალგაზრდები და მათ გვერდით დადგომა ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა, თქვენ მოვლენების შუაგულიდან, უძვირფასესი მსხვერპლის შემწირველი პოზიციიდან დაამოწმეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ენაში კვლავ ძლიერია, უძლეველია დედაშვილობის ფენომენი, და ეს იმასაც გულისხმობს, რომ, ესე იგი, ცოცხალია დედასამშობლოსა და დედამიწის შვილობის განცდაც, ანუ ცოცხალია ის კაცთმოყვარეობა, რომელიც ერთი დედის წიაღს განგაცდევინებს სამშობლოსა თუ მსოფლიო მოქალაქეობაში.
ჩვენს ქვეყანაში ამ პოლარიზების, სამყაროში ამ ენობრივი დაქსაქსულობის ეპოქაში, როცა ბაბილოვნური ენათა განყოფა მაქსიმალურ ზღვარს აღწევს და, როგორც ფილოსოფოსები გვეუბნებიან, დაკარგულია ის სიღრმე სიცოცხლისა, რომელშიც ადამიანი ინდივიდუალურად, საკუთარ სიღრმეში განიცდის ყოფიერებას, თქვენ ამ სიღრმიდან უზომოდ ძლიერი, მნიშვნელოვანი განაცხადით იმდენად საკრალური, მტკივნეული, ძვირფასი განცდა გამოთქვით, რომ თქვენს სიტყვას იმ მსხვერპლის ძალა მიეცა, რომლის გაღებაც მოითხოვა ღმერთმა თქვენგან მოვლენათა ამ ვითარებაში…
ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, გიორგი, უძლეველია; მანდ ყოფნა, სადაც თქვენ ინებეთ დადგომა, ყველგან ყოფნას ნიშნავს; ეს ჩვენი დედასამშობლოს მარადიულ სიცოცხლეში მყოფობით უძლეველობის, დამარცხებულობაშიც დაუმარცხებლობის, ტყვეობიდან საკვირველი გათავისუფლების ის საიდუმლოა, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა.
დიდი მადლიერებით და პატივისცემით, დედა მარიამი!
ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი”