საქართველოს 7-ქალამ სადებიუტო რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ერთი შეხვედრა მოიგო და პირველი ეტაპი, რომელსაც ხორვატიის ქალაქმა მაკარსკამ უმასპინძლა მე-11 ადგილზე დაასრულა.
გოგონებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში დათმეს – მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთთან 5:57, ჩეხეთთან 10:42 და ირლანდიასთან 0:54. შედეგად, ფლეი ოფში მათ მე-9-მე-12 ადგილებისთვის გააგრძელეს ბრძოლა და ნახევარფინალში კვლავ ირლანდიას შეხვდნენ. მეტოქემ ამჯერადაც იმძლავრა და 53:0 გაიმარჯვა.
დასკვნით მატჩში იტალიას მე-11 ადგილისთვის შევერკინეთ. ანგარიში მე-2 წუთზე მანონი საღარაძემ გახსნა, რომელმაც მეტოქეს მისსავე 22-ში ბურთი ხელიდან გამოგლიჯა და ის ალამთან აკრობატულ ნახტომში დაამიწა. ჯაბა მალაღურაძის შეგირდები ხელდახელ კარგად ბურთაობდნენ, რასაც მე-6 წუთზე მანონი საღარაძის მეორე ლელო მოჰყვა და ტაიმი 10:0 დასრულდა.
საქართველო მეორე ტაიმშიც დომინირებდა და ლიკა ხუფენიამ მესამე ლელო გაიტანა, მერე ჯარიმა სწრაფად გავათამაშეთ და მანონი საღარაძემ თავისი მესამე, ხოლო გუნდის მეოთხე ლელოთი ანგარიში 20:0 გახადა. ბოლო წუთზე სინბინით დავისაჯეთ, რითაც იტალიამ ისარგებლა და ორი ლელო გაქვითა, თუმცა ამით ისტორიულ გამარჯვებას ვერაფერი დააკლო – 20:12.
ახლა გოგონები 2 კვირა დაისვენებენ და 27-29 ივნისს მეორე ეტაპს გერმანიაში, ჰამბურგში ითამაშებენ. უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად მათ ორი ეტაპის ჯამში მინიმუმ ათეულში შესვლა სჭირდებათ.
7-ქალას შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე
ანა დათიაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, სალომე მაკასარაშვილი, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე,ლიკა ხუფენია, მარიამ გოგუაძე, ანა ხაბულიანი, ანა პოღოსიანი, ნინო წიკლაური, ანნა რურუა, ანასტასია ახვლედიანი, კირა დანელია.
Rugby.ge
· . გილოცავთ გოგოებო!შრომა გააგრძელეთ და გამარჯვებებიც იმრავლებს.
· Dato გილოცავთ გოგონებო, შრომას და ვარჯიშს, ყოველთვის მოაქვს შედეგი
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
“შავი ლომი” | სექტემბერში იტალიაში “ძებრესა” და “ბენეტონთან”
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
