„საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის საჭირო ნებართვა უკვე 2400-ზე მეტ გადამზიდავს აქვს აღებული“ – გიორგი ზურიკაშვილი
ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის რეგულაციის ამოქმედება ნახევარი წლით გადავადდა. კერძოდ, დიდ ქალაქებს შორის და 150 კილომეტრზე მეტ მანძილზე მგზავრთა გადაყვანისთვის ავტობუსების სავალდებულო გამოყენების პირობად, 2026 წლის 1 იანვარი განისაზღვრა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდიდან, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა მხოლოდ M3 კატეგორიის, შესაბამისი კლასისა და დასაჯდომი ადგილების მქონე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იქნება შესაძლებელი.
როგორც ცნობილია, მგზავრთა გადაყვანის სფეროში, რეფორმის ეს ნაწილი მიმდინარე წლის ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, რეფორმის გადავადების მიზეზი თავად ბიზნესსექტორის ინტერესი გახდა.
„აღნიშნული გადაწყვეტილება სექტორში არსებული პროცესების დეტალურ ანალიზს დაეფუძნა და მიზნად ისახავს გადამზიდავებისთვის დამატებითი დროის მიცემას, ავტოპარკის განახლებისა და შესაბამისი კლასის ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენისათვის“, – განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ზურიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, საავტომობილო სამგზავრო მიმართულებით რეფორმა ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს. ამჟამად, აქტიურად ხორციელდება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის სპეციალური ნებართვის აღების პროცესი. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის საჭირო ნებართვა უკვე 2400-ზე მეტ გადამზიდავს აქვს აღებული და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. რაც შეეხება ავტოსადგურებს, მათ ნაწილსაც უკვე დაწყებული აქვს სერტიფიცირების პროცესი.
რაც შეეხება მოლოდინებს, თუ რას შეცვლის მგზავრთა გადაყვანის სფეროში რეფორმა – როგორც ავტო ექსპერტები, ისე საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ელის, რომ ქვეყანაში საქალაქთაშორისო მგზავრობა საფრთხის შემცველი აღარ იქნება და ის თანამედროვე სტანდარტებს დაექვემდებარება.
„ეს რეფორმა სტიმულს მისცემს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი რეკონსტრუქციისა და ახალი, საერთაშორისო დონის ავტოსადგურების მშენებლობას. შედეგად, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ქვეყნის ავტოსატრანსპორტო სისტემის ევროპულ და მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას, ტურიზმის განვითარებას, სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელებას, ასევე მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას“, – აღნიშნა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსმა.
ექსპერტების განმარტებით, დღეს მგზავრთა გადაყვანის სფეროში კრიტიკული მდგომარეობაა. მოუწესრიგებელი მოსაცდელები, არარსებული ბარიერები სატრანსპორტო საშუალებებსა და მათ მომლოდინე მგზავრებს შორის, დარღვეული ჰიგიენურ – სანიტარიული ნორმები – ეს იმ გამოწვევების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მგზავრებს დღეს ავტოსადგურებში ხვდებათ. გარდა ამისა, ამჟამად, ქვეყანაში არც ავტოსადგურების ოფიციალური რაოდენობაა ცნობილი და არც მძღოლების. შესაბამისად, უცნობია მათი კვალიფიკაციაც. აქედან გამომდინარე, ავტო ექსპერტები ამ რეფორმის დროულად განხორციელებას აუცილებლად მიიჩნევენ.
