ბიძინა ივანიშვილმა რომ ხვალ ჩანიშნოს ახალი არჩევნები, ვფიქრობ, რომ ჩვენ ასეთ არჩევნებშიც კი არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენი ამოცანაა სამართლიანი არჩევნები, რომლის მიმართაც ნდობა ექნება საზოგადოებას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ როდესაც საქართველოს გარშემო პროცესები სწრაფი ტემპით ვითარდება, დრო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მუშაობს და და მათ თავზე „ყულფი ვიწროვდება“, ოპოზიციამ კი, სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს.
„„ქართული ოცნების“ კისერზე ყულფი ვიწროვდება. მათ უნდა მოისმინონ ჩვენი პარტნიორების მოწოდებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე ზეწოლა გაგრძელდება და სანქციები გამკაცრდება. საქართველო ვერ დარჩება ცივილური სამყაროს მიღმა გარდა იმ შემთხვევისა, თუ მთელი ქვეყანა ვიტყვით, რომ გვინდა ამ მოცემულობაში ცხოვრება. დღეს საქართველოში არსებული რეალობა შემდეგია: ვის უფრო დიდხანს ეყოფა რესურსი- „ქართულ ოცნებას“ თუ ოპოზიციას. ჩვენ არ უნდა შევყვეთ „ოცნებას“ ისეთ პროცესებში, რომლებიც მათ ლეგიტიმაციის რაიმე საფუძველს მისცემს. მე დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის წარმომადგენლებთან ყოველი შეხვედრისას „ქართულ ოცნებას“ გადასცემენ მესიჯს, თუ რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ პროცესის ნორმალიზება დაიწყოს. აშშ-ის მთავარი მოთხოვნაა დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ პირობებში, როდესაც ყველაფერი შეთანხმებული იქნება ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან.
ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვას, რომ ხვალ ნიშნავს არჩევნებს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ასეთ არჩევნებშიც კი არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენი ამოცანა მხოლოდ ახალი არჩევნებს დანიშვნა კი არ არის, ჩვენი ამოცანაა სამართლიანი არჩევნები, რომლის მიმართაც ნდობა ექნება საზოგადოებას. რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში გლობალური უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფებოდა. ღონისძიებაზე საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი მიწვეული არ იყო. საქართველო მთლიანად არის ამოვარდნილი ამ პროცესიდან. ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო ურჩევნიათ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ლიდერების სასამართლო პროცესებსა და დაპატიმრებებს, ბობოხიძის შეფასებით, „მთელი სახელმწიფო ემსახურება ერთი კაცის ინტერესებს ემსახურება“.
„ქართულმა ოცნებამ“ ბოლო დროს ბევრი უცნაური კანონი მიიღო, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს არგებენ. ისინი ამას არც მალავენ და თავხედურად აკეთებენ – მთელი სახელმწიფო ემსახურება ერთი კაცის ინტერესებს. გუშინ დაინიცირდა ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თუ ვინმეს ფინანსური ვალდებულება დაეკისრება, ჯარიმა შეიძლება ამოღებული იქნეს არა უშუალოდ აღნიშნული პირისგან, არამედ მისი ოჯახის წევრებისგანაც კი. ამას აპირებენ ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, რათა ივანიშვილმა ფინანსური ზარალი ამოიღოს“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მათ შორის სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში გამოძიების დაწყებას, ბობოხიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არამხოლოდ წინა ხელისუფლებების, არამედ იმ ადამიანების წინააღმდეგაც გამოდის, რომლებიც ერთ დროს მათი წევრები იყვნენ, რაც მავნებლობაა. მისი თქმით, ივანიშვილს სურს გახარია მწარედ დასაჯოს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მავნებლები არიან. ისინი მიხეილ სააკაშვილსაც აბრალებენ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებას. ისინი მზად არიან არამხოლოდ სხვებს, არამედ მათი ხელისუფლების ყოფილ წევრებსაც კი დააბრალონ მსგავსი რამ. საქართველოს მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ბრალდება წინასწარ განზრახული ქმედება სიტუაციის დასაძაბად. ეს არის მავნებლური ხელისუფლება. გიორგი გახარიას მიმართ რა მიზანი აქვს, ეს მნიშვნელოვანია, თუმცა კიდევ აგრძელებენ მავნებლობას, რომლის მიხედვითაც ჩვენი სახელმწიფო არის აგრესორი. მათი ლოგიკით, აფხაზები და ოსები მართლები ყოფილან როდესაც არ უნდათ მუდმივად ბრძოლის დამწყებ ერთან თანაცხოვრება. აი, ამ ხაზს აგრძელებს დღეს „ქართული ოცნება“.
რაც შეეხება უშუალოდ გახარიას, ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ განსაკუთრებით მწარედ დასჯის გახარიას ან გახარია არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ან შეიძლება მიაღებინოს არჩევნებში მონაწილეობა და კატასტროფული შედეგები დაუწეროს, ამის შედეგ კი მაინც დაიჭერს. მე მაინტერესებს ერთი რამ, თუ გახარიამ მართლა გააკეთა ის, რასაც ედავებიან, მაშინ მაშინდელი უშიშრობის მინისტრი დასაპატიმრებელი არ არის? სად იყო ამ დროს სუს-ი, რადგან ის არის მინისტრთა კაბინეტისგან დამოუკიდებელი ორგანო. ამის შემდეგ გახარია აირჩიეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად. გაგახსენებთ კობახიძის სიტყვებს: ყველა ბუზი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუისო. ანუ მისთვის გახარია იყო განუმეორებელი და ყველაზე წარმატებული პოლიტიკური ფიგურა. დღეს კი მათთვის გახარია სამარცხვინო ფიგურაა“, – განაცხადა მან.
