პირველი სექტემბრიდან ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უქმდება.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით „ქართული ოცნების“ მთავრობამ პარლამენტს მიმართა.
ინიცირებული ცვლილების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობა განახორციელებს.
„პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შევა.
ცვლილებების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით, შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომლის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივებს, მათ შორის, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლებამოსილებას სალიკვიდაციო კომისია შესაბამის უწყებებს გადასცემს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
