თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის სახლი არსებული ლოკაციისთვის შეუსაბამოა. არქიტექტორი ,,კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ ტერიტორია ტურისტულად აქტიურია და ის შესაბამისი ფუნქციის დატვირთული უნდა იყოს. ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ტურისტული დანიშნულების ობიექტები უნდა განთავსდეს. მათ შორის სასტუმროები, გასართობი და დასასვენებელი სივრცეები, კაფე-ბარები და რესტორნები.
,,იუსტიციის სახლი არის არაჩვეულებრივი ფუნქციის ობიექტი, მაგრამ მანდ არ უნდა ყოფილიყო. ეს არის აქტიური ტურისტული ზონა. პასპორტის ასაღებად ადამიანი ქალაქის სულ ბოლო წერტილშიც წავა. ჩემი გადასაწყვეტი, რომ იყოს (თუმცა ეს უნდა გადაწყვიტოს მილიონ 300 ათასმა თბილისელმა) მანდ (იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე) გავაკეთებდი სასტუმროს, გასართობ სივრცეს, რესტორნებსა და კაფეებს. არ შეიძლება ქალაქის ყველაზე ძვირ ადგილზე 2 ჰექტარი ტერიტორია იყოს პარკინგი. მანდ უნდა იყოს გასართობი სივრცე ან პარკი 24 საათიანი. ასეთი პოზიცია მქონდა და ყოველთვის ამას ვაფიქსირებდი“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
