გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში დაკითხვაზე მყოფი პირის, მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის, ალან ყაყიტაშვილის კლინიკაში გარდაცვალების საქმეზე სასამართლო სხდომა 10 ივნისს გაიმართა – პროცესზე დაიკითხა ყაყიტაშვილის მეგობარი, ასევე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ირაკლი ტატუნაშვილი, რომელიც 6 ივნისის ღამეს, რესტორანთან მომხდარი დაპირისპირების დროს, ადგილზე იმყოფებოდა და მოგვიანებით ტერიტორია ყაყიტაშვილთან ერთად დატოვა.
„ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ სხდომაზე გადაღებული ჩვენების დროს, ირაკლი ტატუნაშვილი განყოფილებაში პოლიციელების მხრიდან მასზე ძალადობაზე საუბრობს, ამასთან იხსენებს, რომ ესმოდა ალან ყაყიტაშვილის „განწირული“ ხმა.
„ხმა რომ გაჩერდა ყვირილის შემდეგ, 15-20 წუთში მოვიდა სასწრაფო და ბიჭი წაიყვანეს, გუშინ გავიგე, რომ ბიჭი გარდაიცვალა […]
ჩემი მეგობრის, ალანის ყვირილის ხმა მომესმა ქვემოთ რომ ჩამოიყვანეს, მაგის ხმას მე ყოველთვის გავარჩევდი, იმიტომ, რომ დიდი ხან,ია ალანს ვიცნობ და ვმეგობრობთ, ყვირილი, განწირული ხმა მესმოდა […]
სასტიკად გამისწორდა პოლიცია. განყოფილებაში რომ მიმიყვანეს, ამიყვანეს ოთახში, სადაც ექვსი სული მაინც იქნებოდა, მაღალი თანამდებობის პოლიციელი. რა ხდებოდა, როგორ ხდებოდაო… მე ვუთხარი, არაფერი არ მახსოვს და მაგის მერე დაიწყეს რტყმა, მუშტების, წიხლების, ისეთი რაღაცები გამიკეთეს, ცხოვრებაში მაგდენი ხელი არ მომხვედრია არასდროს […]
შემდგნენ, მერე დაბლა დამაგდეს და დაბლა მცემეს, დივანზე ადიოდნენ და ეგრე მახტებოდნენ, გვერდებში, ყველგან მირტყამდნენ […]
მოგეხსენებათ, ალანი იყო მელოტი და თავზე არაფერი არ ეტყობოდა საერთოდ, არც დანარტყამი ეტყობოდა, არც სილურჯე ეტყობოდა, არც არაფერი, ორი საათის განმავლობაში არ სჭირდა არაფერი, რამე რომ ყოფილიყო თაცზე დეფექტი, დარტყმისგან მიყენებული ზიანი, სიწითლე, სილურჯე ან ჩაქცევა, არაფერი ჰქონდა“…
რესტორნის ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკება 6 ივნისის ღამეს მოხდა – TV პირველის მიერ ადგილიდან მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ ალან ყაყიტაშვილი ყელის არეში ჭრილობას აყენებს ერთ-ერთ იქ მყოფს, დიმიტრი სადოევს, რის შემდეგაც ის ირაკლი ტატუნაშვილთან ერთად ტოვებს ტერიტორიას. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე მიდის სასწრაფო დახმარების სამსახური და ადგილზევე დახმარებას უწევს მხოლოდ დიმიტრი სადოევს.
ტატუნაშვილის ადვოკატი, გოგიტა ბახტაძე TV პირველს ეუბნება, რომ ტერიტორიის დატოვების შემდეგ, ყაყიტაშვილი და ტატუნაშვილი გორში წავიდნენ.
„საქმეში არის სხვა მასალები, სადაც ჩანს ჩხუბის მიმდინარეობა და რაიმე საგანი რომ მოხვედროდა ან ძლიერად რომ დაცემულიყო, არ ჩანს, რამდენჯერმე ხვდება ხელი სახის არეში და ორ-სამ წუთში სრულდება ჩხუბი, რის შემდეგაც მიდიან გორის მიმართულებით”.
TV პირველის ცნობით, ჩხუბში მონაწილე კიდევ ერთი პირის, სმო უსოიანის ჩვენების საფუძველზე, პოლიციამ მათ იმავე ღამეს გორში ჩააკითხა და თბილისში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
„ნოდარ მელაძის შაბათის“ გუნდის მიერ მოპოვებული კლინიკის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ყაყიტაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში 7 ივნისს, 05:53 წუთზე გადაიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძილაძე TV პირველთან ამბობს:
„მოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, გამოკვლევები ჩავუტარეთ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო… ნეიროქირურგები მუშაობდნენ და იწვა რეანიმაციაში, ჩაუტარდა ოპერაცია და შემდეგ გარდაიცვალა“.
კლინიკის ამონაწერის მიხედვით, ის პოლიციაში დაკითხვაზე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა:
„პაციენტი კლინიკაში მოყვანილია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ. როგორც ბრიგადის ექიმის გადმოცემით ირკვევა, პაციენტი იმყოფებოდა პოლიციაში დაკითხვაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, უეცრად აღენიშნა გულისრევა, დაკარგა გონება. გამოიძახეს სასწრაფო, გაკეთდა ნალოქსონი, რომელიც უშედეგო აღმოჩნდა, პაციენტი რჩებოდა კომატოზურ მდგომარეობაში, გამოხატული იყო ხმაურიანი სუნთქვა, პაციენტი მოთავსდა ფუნქციურ საწოლზე და დაწყებული იყო ვიტალური ფუნქციის მონიტორინგი, დაიგეგმა ოროტრაციული ინტუბაცია”.
სმო უსოიანისა და დიმიტრი სადოევის ადვოკატი, დავით შაკიაშვილი აღნიშნავს, რომ ჩხუბში მონაწილე პირები განყოფილებაში განცალკევებით იმყოფებოდნენ, თუმცა უდასტურებენ, ყვირილისა და ლანძღვის ხმას:
„აშკარად სახეზეა რომ ადამიანი ცოცხალი, ჯანმრთელი მივიდა განყოფილებაში და იქიდან გამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში. ესენი განცაკლევებული იყვნენ, შესაბამისად, ერთადერთი რაც შეიძლებოდა გაეგოთ, ეს იყო ხმამაღალი ყვირილი ლანძღვის, რაც დამიდასტურეს კიდეც”.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ინფორმაცია 11 ივნისს გაავრცელა – ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ გარდაიცვალა პირი, რომელიც გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში დაკითხვის დროს „შეუძლოდ“ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიების ვერსიით:
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკება მოგვიანებით ამავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს 1998 წელს დაბადებულმა ს.უ.-მ და 1996 წელს დაბადებულმა დ.ს.-მ სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავის არეში დაზიანებების მიაყენეს 1987 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს ა.ყ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა ს.უ.-სა და დ.-ს.-ს, ხოლო მისმა თანმხლებმა პირმა ფიზიკურად იძალადა მათზე. მომხდარი ფაქტის შემდეგ, როგორც დაპირისპირებაში მონაწილე, ისე მომხდარის შემსწრე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს. შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში იქნენ წარმოდგენილი.
სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს შენობაში მყოფი ა.ყ. გახდა შეუძლოდ და გონება დაკარგა. სამართალდამცველებმა სასწრაფო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და სტაციონარში გადაიყვანეს. პოლიციამ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მყისიერად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან ორ დღეში ა.ყ., სამწუხაროდ, გარდაიცვალა. პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ბრალდების სამი პირი უკვე დააკავა, მათ შეფარდებული აქვთ პატიმრობა. დანიშნულია ყველა ექსპერტიზა და საგამოძიებო ორგანო ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
დარახველიძემ აღნიშნა, რომ შსს „კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს და აქტიურ კომუნიკაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან“.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აღნიშნეს, რომ გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში შეუძლოდ გახდომის შემდეგ კლინიკაში გარდაცვლილი პირის საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს. TV პირველის ცნობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკვე გამოჰკითხა რესტორანთან ჩხუბში მონაწილე ორი პირი, თუმცა უცნობია, დაიკითხნენ თუ არა სამართალდამცავები.