ბრალდებული ჰყვება, რომ მისი მეგობარი პოლიციელებმა სასიკვდილოდ სცემეს

მოქალაქე ირაკლი ტატუნაშვილი ამბობს, რომ მისი მეგობარი, ალან ყაყიტაშვილი პოლიციელებმა სასიკვდილოდ სცემეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. ტატუნაშვილის თქმით, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში თავადაც გახდა ძალადობის მსხვერპლი.
ამის შესახებ ტატუნაშვილმა 10 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა.
“ქვემოთ რომ ჩამიყვანეს ჩემი მეგობრის, ალანის ყვირილი მომესმა. მაგის ხმას ყოველთვის გავარჩევდი, იმიტომ, რომ დიდი ხანია ალანს ვიცნობ და ვმეგობრობთ, ცხონებულს. ყვირილი, განწირული ხმა მესმოდა […] ყვირილის ხმა რომ გაჩერდა, სადღაც 20 წუთში მოვიდა სასწრაფო და ბიჭი წაიყვანეს. გუშინ გავიგე, რომ ბიჭი გარდაიცვალა”, – თქვა მან სასამართლოზე, რომელსაც ბრალდებულის სტატუსით ესწრებოდა.
მეორე დღეს, 11 ივნისს ყაყიტაშვილის გარდაცვალების შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. მან თქვა, რომ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში დაწყებული ჩხუბი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზარდა, რის შედეგადაც ყაყიტაშვილმა ცივი იარაღით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა ორი პირს. დარახველიძემ თქვა, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი გლდანი- ნაძალადების პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
“საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს შენობაში მყოფი ა.ყ. გახდა შეუძლოდ და გონება დაკარგა, სამართალდამცავებმა სასწრაფო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და მოხდა მისი სტაციონარში გადაყვანა. პოლიციამ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მყისიერად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან ორ დღეში ა.ყ. სამწუხაროდ გარდაიცვალა”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.
ინციდენტში მონაწილე სხვა სამი პირი ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. მათ შორისაა ირაკლი ტატუნაშვილიც, რომელიც ყაყიტაშვილთან ერთად დააკავეს და რომელმაც სასამართლოში მათზე ძალადობის შესახებ ისაუბრა.
“სასტიკად გამისწორდა პოლიცია. განყოფილებაში რომ მიმიყვანეს, ამიყვანეს ოთახში, სადაც 6 სული მაინც იქნებოდა მაღალი თანამდებობის პოლიციელი. რა ხდება [მკითხეს], მე ვუთხარი, არაფერი არ მახსოვს-მეთქი და მაგის მერე დაიწყეს რტყმა მუშტების, წიხლების. რავი, ისეთი რაღაც გამიკეთეს, ცხოვრებაში მაგდენი ხელი არ მომხვედრია არასოდეს […] შემდგნენ, მერე დაბლა დამაგდეს და დაბლა მცემეს. დივანზე ადიოდნენ და იქიდან მახტებოდნენ. გვერდებში, თავში, ყველგან მირტყამდნენ”, – ჰყვება ტატუნაშვილი.
რა მოხდა?
მომხდარის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა TV პირველის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ყველაფერი 6 ივნისის საღამოს დაიწყო, როცა თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმაც გურამიშივლის გამზირზე, ერთ-ერთ რესტორანში იქეიფეს. ქეიფის შემდეგ, ისინი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რაც რესტორნის სამეთვალყურეო კამერებმა გადაიღეს. კამერებში, რომელიც TV პირველმა მოიპოვა ჩანს, რომ ჩხუბის შემდეგ ყაყიტაშვილი და ტატუნაშვილი ტერიტორიას საკუთარი ფეხით ტოვებენ. რესტორანთან დარჩნენ სხვა თანამშრომლები, მათ შორის, ცივი იარაღით დაჭრილი პირი. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და პოლიცია.
მომხდარიდან რამდენიმე საათში ტატუნაშვილი და ყაყიტაშვილი გორში, ამ უკანასკნელის სახლში დააკავეს და თბილისში, გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში წამოიყვანეს.
ტატუნაშვილი ჰყვება, რომ ყაყიტაშვილს არ ჰქონია ფიზიკური დაზიანებები. არც თბილისიდან გორამდე გზაში, არც გორში ყოფნის პერიოდში და არც უკანა გზაზე ის შეუძლოდ არ გამხდარა.
“მოგეხსენებათ, ალანი იყო მელოტი და თავზე არაფერი არ ეტყობოდა საერთოდ. არც დანარტყამი ეტყობოდა, არც სილურჯე ეტყობოდა, არაფერი. ორი საათის განმავლობაში არ სჭირდა არაფერი ბიჭს. რამე რომ ყოფილიყო თავზე დეფექტი, დარტყმისგან მიყენებული ზიანი, ხომ უნდა ჰქონოდა ან სიწითლე და ან სილურჯე, ჩაქცევა?! არაფერი არ ჰქონდა”, – თქვა ტატუნაშვილმა სხდომაზე.
იმას, რომ ყაყიტაშვილი სახლიდან ფიზიკურად ჯანმრთელ მდგომარეობაში წაიყვანეს, TV პირველს უდასტურებენ გორში, მისი მეზობლებიც. განყოფილებაში მიყვანიდან მალევე ის სასწრა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელი, ლალი ტურძელაძე TV პირველს უდასტურებს, რომ ყაყიტაშვილი საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. მას დასჭირდა ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება თავზე. თუმცა, ორი დღის შემდეგ, რეანიმაციაში გარდაიცვალა.
“მოიყვანეს უგონო მდგომაროებაში. გამოკვლევვები ჩავატარეთ, გავუკეთეთ რაც შეგვეძლო. ღმერთის წინაშე მართალები ვართ, ყველაფერი გავუკეთეთ. გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი”, – ამბობს ტურძელაძე.
TV პირველის ინფორმაციით, პირი რომელიც ყაყიტაშვილმა დაჭრა, დიმიტრი სადოევია. გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში გამოკითხვისას ყაყიტაშვილის ხმა, რომელიც დახმარებას ითხოვდა, მასაც ესმოდა.
ირაკლი ტატუნაშვილი ამბობს, რომ არ შეუძლია იმ პოლიციელებს ამოცნობა, რომლებმაც მასზე ფიზიკურად იძალადეს, რადგან თავდაცვის მიზნით თავზე ხელები ჰქონდა აფარებული და თვალი დახუჭული. მისი მონაყოლი სასამართლომ ცნობად მიიღო და ინფორმაცია შესასწავლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაუგზავნა.