ჩეხეთის პოლიციამ მიაგნო წერილს, რომელშიც “პრაღელი მსროლელი” სხვა მკვლელობასაც აღიარებს

სტუდენტმა დევი კ.-მ, რომელმაც პრაღის კარლის უნივერსიტეტში, 21 დეკემბერს 14 ადამიანი მოკლა და 25 დაჭრა, სახლში დატოვა თვითმკვლელობის წინ დაწერილი წერილი, რომელშიც კიდევ ორ, ჩეხეთის დედაქალაქის გარეუბანში, კლანოვიცის პარკში ჩადენილ მკვლელობას აღიარებს.
15 დეკემბერს იქ მოკლული იპოვეს 32 წლის მამაკაცი და მისი ორი თვის ქალიშვილი.
ჩეხეთის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, აღმოჩენილ ჩანაწერში დევიდ კ. წერს, რომ მან პარკში თავდასხმა მოაწყო. პოლიცია მიმდინარე გამოძიების გამო წერილის შინაარსს არ ამჟღავნებს.

წერილის აღმოჩენამდე პრაღის გარეუბანში მომხდარ, მამისა და ქალიშვილის მკვლელობაში სტუდენტის სავარაუდო მონაწილეობა ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა.
ჩეხეთის პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ კლინოვიცის პარკში მომუშავე გამომძიებლებმა მიაგნეს დევიდ კ. – ს კვალს, მაგრამ ვერ მოახერხეს მისი დაკავება მასობრივი მკვლელობის წინ, რომელიც მან კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაიდინა.
მსროლელმა დაკავების დროს თავი მოიკლა. მისი მოტივები ჯერ კიდევ უცნობია. პოლიცია უარყოფს დევიდ. კ.-ს კავშირს რომელიმე ტერორისტულ თუ ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან. ამავე დროს, თავდამსხმელი აშკარად საგულდაგულოდ მოემზადა: უნივერსიტეტის შენობაში შეიტანა რამდენიმე იარაღი, რომელთა გამოყენება ვეღარ მოასწრო. ყველა იარაღს დევიდ კ. კანონიერად ფლობდა.

· პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი მკვლელობა იქცა ყველაზე მასობრივად თანამედროვე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაში.
· დევიდ. კ.-მ 2022 წლის ივნისში დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი, 1846 წლის კრაკოვის აჯანყების თემაზე, რისთვისაც ჯილდო გადაეცა, ცნობა კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ოფიციალური გვერდზეა გამოქვეყნებული და 2023 წლის მაისით თარიღდება.
· ჩეხეთის მთავრობამ გადაწყვიტა, 1 იანვრამდე გააგრძელოს „უსაფრთხოების პრევენციული ზომები“, რომელიც უმთავრესად „რბილ სამიზნეებზე“ სკოლებისა და სასწავლო დაწესებულებების გაძლიერებულ დაცვაზე იქნება ორიენტირებული.