„რიყეს უნდა მიეღო თავისი ისტორიული ფუნქცია, რაც ჰქონდა. ის იყო უბანი. ხალხი ცხოვრობდა“ – ირაკლი როსტომაშვილი

თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ რიყის ტერიტორიას ისტორიული ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს და აქ უბანი გაშენდეს. არქიტექტორი განმარტავს, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე წლების წინ ხალხი ცხოვრობდა. უბანი კი კომუნისტების დროს დაანგრიეს.
,,ოდითგანვე მქონდა პოზიცია, რომ რიყეს უნდა მიეღო თავისი ისტორიული ფუნქცია, რაც ჰქონდა. ის იყო უბანი. ხალხი ცხოვრობდა. ამ უბნის ფოტოები დღესაც არის შემონახული. კომუნისტების დროს არასწორად დაინგრა. ჩემი პოზიცია იყო, რომ ეს უნდა აღგვედგინა, მაშინ ვიყავი თბილისის მთავარი არქიტექტორი და ამ პოზიციას ვაფიქსირებდი ღიად.’’- აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
არქიტექტორს ვკითხეთ, რამდენად შეესაბამება ქალაქის იერსახეს რიყის დოქები? ირაკლი როსტომაშვილი განმარტავს, რომ ის თავიდანვე წინააღმდეგი იყო ტერიტორიაზე ამ შენობის განთავსების, თუმცა ახლა მის აღებაზე საუბარი და გადაწყვეტილების მიღება თბილისელების აზრის გათვალისწინების გარეშე არასწორი მიაჩნია.
,,რიყის დოქები თავიდან რომ კეთდებოდა არ მომწონდა, მაგრამ ახლა მაგისი აღების დრო არ არის. ასე მგონია. თავიდან, რომ კეთდებოდა მაშინ ვამბობდი, რომ შეუსაბამო იყო. მე მეჩვენება, რომ რიყის დოქების აღება ხდება ჯიბრზე. არასწორი მგონია ახლა ამ თემაზე საუბარი. თავის დროზეც არასწორი იყო, რომ საზოგადოების აზრის გამოკითხვის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება. ქალაქში, ასეთ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე ობიექტების აშენებამდე უნდა მოხდეს საზოგადოებრივი აზრისა და პროფესიონალების მოსმენა და კამათი. ვთქვათ გადაწყდა, რომ უნდა გაკეთდეს მაგალითად, მრავალსართულიანი კომპლექსი. ხდება საზოგადოების აზრის, პროფესიონალების მოსმენა და შემდეგ შეირჩევა ადგილი. შემდეგ, ამ ადგილის მიხედვის კეთდება კონკურსი და ადგილის მიხედვით, ირჩევა როგორი არქიტექტურა შეიძლება გაკეთდეს. მაგალითად, რაც შეიძლება გავაკეთოთ რიყეზე, ისეთი არქიტექტურა ხომ ვერ გაკეთდება სოლოლაკში? ან თემქაზე? ყველას აქვს თავისი გარემო, თავისი შემზღუდავი და წამქეზებელი მახასიათებლები. როგორც მაშინ, ერთი კაცის გადაწყვეტილებით გადაწყდა, ახლა მგონია, რომ ერთი კაცის გადაწყვეტილებით ანგრევენ.’’- აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
არქიტექტორებისა და ურბანისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია რიყის დოქების შენობის შენარჩუნება, თუმცა მისი სხვა ლოკაციაზე გადატანა. თბილისის ყოფილ მთავარ არქიტექტორს ვკითხეთ, როგორია მისი პოზიცია ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით. ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ უნდა ჩატარდეს გამოკითხვა და გადაწყვეტილება თბილისის მოსახლეობამ უნდა მიიღოს.
,,სხვა ადგილზე სად? ვინ უნდა გადაწყვიტოს? ქალაქი ვისია? ქალაქი არის მილიონ 300 ათასი თბილისელის. მათი აზრის გამოკითხვა უნდა მოხდეს. საკონცერტო დარბაზი არაჩვეულებრივია, კარგია თბილისის ცენტრში, მაგრამ არა ასეთი. ეს დოქები არ მომწონდა, არც ახლა არ მომწონს, მაგრამ მაშინ ვთვლიდი, რომ ეს იყო ერთი კაცის გადაწყვეტილება და აგვიშენა. ახლა არის ერთი კაცის გადაწყვეტილება და გვინგრევს. ასე ვუყურებ ამ ამბავს, როგორც ერთი რიგითი თბილისელი. საზოგადოების აზრი უნდა მოისმინონ. 100 მლნ. არის გადახდილი მაგაში. ჩემი და ჩემნაირების ფული და ქარს რატომ ვატანთ? ვინმემ კითხვა დასვა, რომ რა ვქნათ? შეიძლება ათასი წინადადება იყოს და ამას უნდა განხილვა.’’- აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.