ირანული სამთავრობო მედია ოფიციალურად ადასტურებს, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის მეთაური, მოჰამად ქაზემი და მისი მოადგილე 15 ივნისს ისრაელის იერიშს ემსხვერპლნენ.
სამთავრობო მედიის ცნობით, ისრაელის დარტყმის შედეგად ასევე დაიღუპა IRGC-ის დაზვერვის ოფიცერი, მოჰსენ ბაღერი.
მანამდე, ახალი ამბების ვებგვერდმა Iran International-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ IRGC-ის დაზვერვითი ორგანიზაციის უფროსი, მოჰამად ქაზემი და მისი მოადგილე ნანგრევებში არიან მოყოლილნი მას შემდეგ, რაც ისრაელმა თეირანში ორგანიზაციის შენობაზე იერიში მიიტანა. მედიის მიხედვით, მათი მდგომარეობა “გაურკვეველი” იყო. აღნიშნული ცნობა მოგვიანებით ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში დაადასტურა.
“შემიძლია ასევე გითხრათ, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე დავარტყით [ირანის] დაზვერვის მეთაურსა და მის მოადგილეს თეირანში, რადგან ახლა თეირანის თავზე ვიმყოფებით, ჩვენი პილოტები თეირანის ცაში არიან და მიზანში ვიღებთ სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს ირანელებისგან განსხვავებით – ისინი ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას იღებენ მიზანში, ჩვენს მოქალაქეებს ბომბავენ”. – თქვა მან.