გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ისრაელის საიდუმლო ოპერაცია, რომელიც ირანში განხორციელდა, იყო ძალიან წარმატებული, რომელიც დიდხანს მზადდებოდა.
როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ირანი შეცდომით თვლიდა, რომ ისრაელი სამხედრო მოქმედებებისთვის მზად არ იყო და მოლაპარაკებებს ელოდებოდა აშშ-თან.
გენერალი აღნიშნავს, რომ ირანის სპეცსამსახურებმა ვერ შეძლეს ოპერაციის პრევენცია, რაც მათი სერიოზული ჩავარდნაა.
„ეს იყო ძალიან კარგი ოპერაცია, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მზადდებოდა. ირანი დარწმუნებული იყო, რომ ისრაელი ამ დარტყმისთვის არ ემზადებოდა, ელოდებოდა ამერიკასთან მოლაპარაკებების დასრულებას. ხაზია გასასმელი ირანის სპეცსამსახურების ჩავარდნაზე, რადგან მათ ვერ შეძლეს აღნიშნული ოპერაციის პრევენცია. ებრაელებმა ირანის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობა 2024 წელს გატესტეს. ამ ოპერაციაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბრძოლის იმ საშუალებების გამოყენებას, რომლებმაც ჩახშეს და დააბრმავეს ირანში საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები. ამას მოჰყვა რადარებზე და ჰაერსაწინააღმდეგო ობიექტებზე დარტყმა, შემდეგ კი განხორციელდა დარტყმები სხვადასხვა ობიექტზე.
განადგურებულია ურანის მოპოვების 2 საბადო, 3 ლაბორატორია, ურანის გამდიდრების 2 ქარხანა, 1 მშენებარე ბირთვული ქარხანა და 1 ცნობილი ადგილი, სადაც რეაქტორი იმყოფებოდა. რაც შეეხება ირანის უმაღლესი პირების განადგურებას, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს იყო კარგად მომზადებული აგენტურული და სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაცია“,- განაცხადა კაპანაძემ.
ამასთან, გენერალმა აღნიშნა, რომ ისრაელის სპეცოპერაცია შესაძლოა, გაგრძელდეს მანამ, სანამ ირანს სრულად არ დაუქვეითდება ბირთვული იარაღის შექმნის პოტენციალი.
„გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა თითქოს პირობა დაუყენა, რომ თუკი ირანი გააგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებს, ამჯერად ისრაელი დაარტყამს ირანის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და გაუნადგურებს ეკონომიკას. ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია არ არის საფრთხესთან დაკავშირებული.
სპეცოპერაცია შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ საბოლოოდ არ იქნება ნიველირებული ირანის პოტენციალი შექმნას თავისი ბირთვული იარაღი. არსებული ინფორმაციით, უკვე 60%-მდე ჰქონდათ გამრავლებული. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ მათ შეეძლოთ რაკეტების წარმოება და ბირთვული ქობინების შექმნა“, – განაცხადა კაპანაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ირანის მიერ გაშვებული 100 დრონი მხოლოდ სიმბოლური, შიდა აუდიტორიისთვის განკუთვნილი რეაქცია იყო. კაპანაძის თქმით, თეირანი, როგორც წესი, თავდასხმებს დიდხანს ამზადებს, თუმცა ამ ეტაპზე მისი მოქმედების საშუალებები მკვეთრად შეზღუდულია.
„100 დრონი, რაც ირანმა გაუშვა, ეს იყო მყისიერი პასუხი, უბრალოდ შიდა აუდიტორიისთვის. ირანი ყოველთვის დიდ ხანს ამზადებს თავის დარტყმებს, პასუხს ისრაელისთვის. რა შეუძლია ირანს ახლა? ის სახმელეთო ძალებს ვერ გამოიყენებს. ირანი შეეცდება გამოიყენოს „ჰეზბოლა“, „ჰამასი“, რომლებიც ძალიან დასუსტებულები არიან. სირიაშიც არ არის ის მდგომარეობა, რომ პროირანული ხელისუფლება იყოს. აქედან გამომდინარე ირანი დამოკიდებული იქნება თავის საჰაერო შესაძლებლობებზე, რაშიც 5:1-ს აგებს ისრაელთან“,- განაცხადა კაპანაძემ.
