5000 ლარით დააჯარიმეს აქტივისტი თამარ კურატიშვილი

აქტივისტი თამარ კურატიშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 5000 ლარით დააჯარიმა. მას ჯარიმა დააკისრეს თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 28 მარტს „პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის“.
მას პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან ეჭირა პაკატი წარწერით: „ანწუხელიძე უკვდავია“.
დაკავებისას დემონსტრანტები ტროტუარზე იდგნენ და აპროტესტებდნენ სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელიც ცდილობს, 2008 წლის აგვისტოს ომში წინა ხელისუფლების ბრალეულობა დაადგინოს.
ტროტუარზე დგომის დროს კურატიშვილთან რამდენიმე პოლიციელი მივიდა და დააკავეს, მისი დახმარება ორმა აქტივისტმა სცადა. მათგან ლილუ შაველიაშვილი, მის მსგავსად, იქვე დააკავეს. ორივე მათგანს ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას.
პროევროპული აქციები საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ყოველდღიურად იმართება. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა – შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.