ღაზის ჯანდაცვის უწყების მონაცემებზე დაყრდნობით Reuters-ის სააგენტო იტყობინება, რომ 28 დეკემბერს ქალაქებზე, ბეიტ ლაჰიაზე, ხან იუნისსა და მაღაზიზე ისრაელის არმიის დარტყმების შედეგად 50 პალესტინელი იქნა მოკლული.
ისრაელის არმიამ 28 დეკემბერს გააგრძელა ალყაშემორტყმული ღაზის სექტორის დაბომბვა. AFP-ის თანახმად, მძაფრი ბრძოლების ცენტრი აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულ ჰამასთან, ინაცვლებს ღაზის სექტორის სამხრეთისკენ, სადაც ასეულ ათასობით პალესტინელი აფარებს თავს. ისრაელის არმიამ, ამავე ცნობით, ხან იუნისში განათავსა დამატებითი ბრიგადა.
ღაზის სექტორის მოსახლეობის 80 პროცენტი განდევნილია საკუთარი სახლებიდან და იმყოფება ეგვიპტის საზღვართან მდებარე ვიწრო თავშესაფრებსა და თვითნაკეთ კარვებში ქალაქ რაფაჰსა და მის შემოგარენში.
გაეროს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰამონ ღებრეიესუსმა მოწოდება გამოთქვა, „მიღებულ იქნას დაუყოვნებლივ ზომები სერიოზული საფრთხის შესამცირებლად,“ რომლის წინაშეც ღაზის მოსახლეობაა „საშინელი ტრავმების, მწვავე შიმშილის და … დაავადებების სერიოზული საფრთხის“, ჩათვლით.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრეზიდენტთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში გამოთქვა „ღრმა შეშფოთება სამოქალაქო მოსახლეობაში ძალიან მძიმე მსხვერპლის“ გამო და აღნიშნა „ცეცხლის მდგრადი შეწყვეტისთვის მუშაობის აუცილებლობა“ – იტყობინება მაკრონის ოფისი.
ისრაელი აცხადებს, რომ 7 ოქტომბერს თავის ტერიტორიაზე თავდასხმის საპასუხოდ აპირებს ჰამასის სრულად განადგურებას. ამ თავდასხმას 1200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 240 მძევლად იქნა აყვანილი.
გაეროს მიერ 28 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადებით, სწრაფად უარესდება ადამიანის უფლებების სიტუაცია იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. მასში მოწოდებაა გამოთქმული ისრაელის მიმართ, შეაჩეროს პალესტინელი „მოსახლეობის უკანონო მკვლელობები.“ „უკიდურეს შეშფოთებას იწვევს სამართალდაცვის მიზნებისთვის სამხედრო ტაქტიკის და იარაღის გამოყენება, არასაჭირო და არაპროპორციული ძალის მოხმარება, ასევე განუკითხავად და შერჩევით გადაადგილების შეზღუდვა, რაც პალესტინელებს ეხება”, – ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უწყების ხელმძღვანელის, ფოლკერ ტურკის განცხადებაში.
იორდანეს დასავლეთი ნაპირის ჯანდაცვის უწყების თანახმად, 7 ოქტომბრის შემდეგ არეალში ისრაელის სამხედროებმა მოკლეს სულ მცირე 314 პალესტინელი. ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ მოწყობილი მოულოდნელი იერიშის შემდეგ, როცა 1200 ადამიანი დაიღუპა, ისრაელის არმიამ წამოიწყო საპასუხო ოპერაცია, რომლის განმავლობაში 21 ათასამდე პალესტინელი, უპირატესად სამოქალაქო პირები დაიღუპნენ.