შალვა პაპუაშვილს ვურჩევ, ისტერიკის დასაწყნარებლად ერთი კვირით, შვებულებით შირაქის ველზე, საძოვარზე წავიდეს და თავის ძირითად საქმეს მიჰყოს ხელი, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა გააკეთა, რითაც დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან დაკავშირებით პაპუაშვილის “ფეისბუქ“ სტატუსს გამოეხმაურა.
„არ მინდა ქართული პოლიტიკა ასეთი ურთიერთობების სფერო იყოს, მაგრამ როგორც შალვა პაპუაშვილი არც სცემს პატივს საკუთარ პოზიციას, პოსტს და პოლიტიკურ სტატუსს, მასთან მიახლოებულს ვერაფერს ვიტყვი. ამიტომ ვიტყვი მარტივად: – სანამ ბიძინა ივანიშვილი ამ კაცს, ამ ზაფხულის პერიოდში, ცოტა ხნით შირაქის ველზე, საძოვარზე არ გაუშვებს, რათა ნერვები დაიოკოს, მანამ ამ დღეში იქნება და ყოველ დღე ამ ისტერიკით იქნება გამორჩეული“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა ბრიტანეთის საელჩოს მიმართა, “გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს“.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე მიმართავს ყველა პირს, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით.
“ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, გამჟღავნდა, რომ საელჩო აპირებდა ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის გაცხადებული მიზნის მქონე პარტიული პროპაგანდის და ექსტრემისტი პოლიტიკოსების დაფინანსებას, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ეს არ იყო პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსების პირველი მცდელობა.
მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს.
ასევე მივმართავ ყველას, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით, მომაწოდოთ ეს ინფორმაცია“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.
