ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.
სწორედ აღნიშნულმა მოსამართლემ მიუსაჯა გუშინ 21 წლის მათე დევიძეს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მოსამართლის აცილების შუამდგომლობა სერგეი კუხსრჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატმა ბექა ხახობაშვილმა დააყენა, რასაც დანარჩენი ადვოკატებიც დაეთანხმნენ.
ბექა ხახობაშვილის განცხადებით, მოსამართლის მიერ გუშინ მიღებული განაჩენი არის ახალი გარემოება, რომელიც ადასტურებს რომ „მოსამართლემ პოლიტიკურად მოტივირებული, უკანონო განაჩენი მიიღო“.
„ბატონო მოსამართლე, ამ განაჩენით პოლიტიკური მართლმსაჯულების ინსტრუმენტი გახდით“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, გალუსტაშვილის გუშინდელი განაჩენი მათ იმის ფიქრის საშუალებას აძლევს, რომ ის მომავალშიც „არ იქნება ობიექტური და ყველაფერს პოლიტიკურ კონტექსტში შეაფასებს“.
შუამდგომლობას დაეთანხმნენ ბრალდებულები, პროკურატურა კი – არა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირეს დაკავებულებმაც.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.
დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.