საზოგადოებამ თვალი უნდა გაუსწოროს იმას, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის! ქვეყანა უკვე შესულია რუსეთის მმართველობის ქვეშ და ოფიციალური გაფორმებაღა დარჩა! იგივე ბელარუსული მეთოდები მოქმედებს! – ეს შეფასება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა მაია კოპალეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.
როგორც კოპალეიშვილმა აღნიშნა, კოალიციის სამი პოლიტიკური ლიდერის გისოსებს მიღმა ყოფნა ნამდვილად რთულია, მაგრამ „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“ არიან მხნედ.
კოპალეიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმის“ მიზანია, რომ პოლიტიკური ლიდერები და პოლიტიკური ოპონენტები გისოსებს მიღმა ჰყავდეს.
„რეჟიმი ასე ფუნქციონირებს. ჩვენ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ძნელია ვილაპარაკოთ სამართლიანობისა და დემოკრატიის პრინციპებზე მაშინ, როცა რეჟიმი და ავტოკრატიული მმართველობა უკვე გაფორმებულია! რეჟიმი ცდილობს ყველა ოპონენტი ჩამოიშოროს გზიდან და თვითონ მუდმივად იყოს ხელისუფლებაში.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასამართლო „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმის მიერ სრულად არის უზურპირებული. კოალიციისთვის ძალიან მძიმე დანაკლისია, რომ მისი სამი ლიდერი გისოსებს მიღმა იქნება, მაგრამ კოალიციას, როგორც მონოლითურ გაერთიანებას, ისე უნდა შევხედოთ. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრულები, პრინციპულები და ჩვენი ყველა ნაბიჯი ლიდერებთან იქნება შეთანხმებული. ყველა ლიდერი გვამხნევებს – ეს არის ჩვენი კოალიციის ლიდერების ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
