ონისე ჯანაშია ბალდის კანიონის განვითარებაზე: ამ პროექტს დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ახორციელებს

ჟურნალისტი ონისე ჯანაშია სოციალურ ქსელში ბალდის კანიონის პროექტთან დაკავშირებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. ჟურნალისტი ამჯერად ყურადღებას ამახვილებს პროექტის მოწინააღმდეგე ჯგუფის სურვილზე – ინვესტორის გარეშე, თავად განახორციელონ აღნიშნული პროექტი. როგორც ონისე ჯანაშია განმარტავს, მსგავსი პროექტის განხორციელებას სპეციფიკური ცოდნა სჭირდება, რომელიც არათუ ამ კონკრეტულ ჯგუფს, არამედ საქართველოში არსებულ სხვა კომპანიასაც კი არ აქვს.
„ვინც თვალყურს ადევნებთ ბალდის კანიონის პროექტთან დაკავშირებით კონკრეტული ჯგუფის მიერ წამოწყებულ პროცესს, შეამჩნევდით, რომ მათი მხრიდან ხშირად გაისმის, რომ ისინი ამ პროექტს ინვესტორის და კომპანიის გარეშე, თვითონ გააკეთებენ!!!
არ დავიწყებ დეტალებში განხილვას, რა აუშენებიათ დღემდე და რისი ამშენებლები არიან მომავალში ეს კონკრეტული პირები, ვფიქრობ, ეს ისედაც ნათელია.
საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო, ზოგადად, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სპეციფიკაზე.
ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა არ არის უბრალოდ მშენებლობა, ეს რთული პროცესია, რომელიც კონკრეტულ სპეციფიკურ ცოდნას და პროფესიონალიზმს საჭიროებს.
განსაკუთრებული, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხოების საკითხს. ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის დროს გასათვალისწინებელია ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი:
პირველი, ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გამართული და, მეორე – ადამიანური რესურსი, რადგანაც გამართულ ინფრასტრუქტურას სჭირდება სწორი მართვა, რომ იყოს უსაფრთხო როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივებისთვისაც (გვახსოვს, დაცულ ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიკული ფაქტები, რომლის შემდეგ სკოლის ექსკურსიებიც კი აიკრძალა).
ადგილობრივებმა კარგად ვიცით, რომ ბალდის კანიონს სულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს, ისიც ვიცით, როგორი სახიფათო მონაკვეთებია მაგ არემარეში, სადაც უსაფრთხოდ გადაადგილება სერიოზული პრობლემაა ადგილობრივებისათვისაც კი, რომ არაფერი ვთქვათ სტუმრებზე, რომლებიც პირველად მოდიან და არანაირი გამოცდილება არ აქვთ. ასეთ ობიექტს ყველა ვერ გააკეთებს! აუქციონში გაიმარჯვა არა უბრალოდ ერთ-ერთმა ბიზნესჯგუფმა, არამედ ამ საქმის მცოდნე, დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე (პრაქტიკულად ერთადერთმა) კომპანიამ.
საქართველოში და სხვათა შორის, უცხოეთშიც კი ძალიან ცოტაა ამ სპეციფიკური მიმართულების პროფესიონალი. ასე, მაგალითად, ევროპაში, სულ 2-3 კომპანიაა, რომელიც მსგავს პროექტებზე მუშაობს.
და ბოლოს, მინდა ჩამოვთვალო არასრული სია იმ პროექტების, რომელიც 2017 წლიდან დღემდე ამ გუნდმა წარმატებით განახორციელა:
· თბილისის ბოტანიკური ბაღის ზიპლაინი;
· საქართველოს ყველაზე დიდი ზიპლაინი – ვაკის ზიპლაინი;
· საირმის ზიპლაინი (სხვა კერძო ინვესტორის დაკვეთით);
· საირმის თოკების პარკი (კერძო ინვესტორის დაკვეთით);
· ს ბოტანიკური ბაღის ზიპლაინი;
· USAID-ის მხარდაჭერითა და თანადგომით, ანაკლიაში მოეწყო საქართველოში ყველაზე
დიდი თოკების პარკი;
· მარტვილის კანიონის ზიპლაინი;
· ოკაცეს ჩანჩქერის ზიპლაინი;
· სენაკის თოკების პარკი და ზიპლაინი;
· ალგეთის ეროვნული პარკში თოკების პარკი და ზიპლაინი;
· კინჩხის ზიპლაინი.
ყველა ზემოაღნიშნული პროექტი შესრულებულია უმაღლესი სტანდარტით, უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით და წარმატებულად ფუნქციონირებს.
ასეთი გამოცდილების კომპანია დღეს ჩვენს ქვეყანაში სხვა არ არსებობს! ეს კომპანია უბრალოდ ბიზნესპროექტებს კი არ ეძებს – ისინი მთელი ცხოვრებაა, ტურისტულ ინფრასტრუქტურას აკეთებენ! ამის სპეციალისტები არიან!
და ამის მერე რაზე ვლაპარაკობთ? ვინ უნდა გააკეთოს პროექტი?
იმ ჯგუფის სათავეში კი, ვინც აპროტესტებს, როგორც ვიცი, ერთი გრაფიკული დიზაინერია, მეორე ტელეწამყვანი, მესამე ბავშვების აღმზრდელი! ეს არის პასუხი, ვინ უნდა განახორციელოს პროექტი!,“ – წერს ონისე ჯანაშია.

ასევე დაგაინტერესებთ