ჟურნალისტები და აქტივისტები ამბობენ, რომელი “ფეისბუქ” პოსტების გამო იბარებს “ოცნება” მათ სასამართლოში

აქტივისტები, ჟურნალისტები და ტელეწამყვანები წერენ, რომ მათ “ოცნების” დეპუტატების შეურაცხყოფისთვის სასამართლოში იბარებენ.
განახლება: ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ხვალ, 13 ივნისს, სასამართლოში იბარებენ მას, ვახო სანაიას, მარიამ გეგუჩაზეს, ს, ანა სუბელიანს, ეკა მიშველაძეს, ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილს, ბაია პატარაიას, გიორგი ქადაგიძესა და დეა მამისეიშვილს.
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატი მარიამ ლაშხი მას სასამართლოში “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული პოსტის გამო უჩივის.
როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, პოსტში, რომლის გამოც დავა დაიწყო, ის მარიამ ლაშხს “მონას” უწოდებდა.
“მონა ხარ, მარიამ. რამდენჯერაც არ უნდა იჩივლო, ამას ვერაფერი შეცვლის”, – წერს ტელეწამყვანი.
მისივე თქმით, საქმის მოსამართლე ნინო ენუქიძე იქნება.
ნანუკა ჟორჟოლიანი არ არის ერთადერთი, რომელმაც დაწერა, რომ სასამართლოში მსგავსი მიზეზით იბარებენ. აქტივისტი ანა სუბელიანი წერს, რომ უჩივიან “ფეისბუქზე” ვიდეოს გაზიარებისთვის – აღნიშნულ პოსტში სუბელიანი “ოცნების” დეპუტატ ნინო წილოსანს “ნაძირალა არაქალს” უწოდებს.
ხვალ, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვიკა ბუკიაც. მასაც, ნანუკა ჟორჟოლიანის მსგავსად, მარიამ ლაშხი უჩივის, ასევე “მონას” დაძახების გამო ერთ-ერთი “ფეისბუქ” სტატუსის აღწერაში.
გარდა ამისა, ტელეწამყვანმა ვახო სანაიამაც აღნიშნა, რომ ,რუსთავი 2-სა” და “იმედის” ეთერებში მისი სოციალური ქსელების პოსტების ფოტოებს აშუქებდნენ, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ -ში მასაც უჩივიან.
“წულუკიანი და პაპუაშვილი ნაწყენი ყოფილან”, – წერს სანაია.
სამთავრობო მედიებმა, ვახო სანაიას გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანის პოსტების სქრინები აჩვენეს თავიანთ საინფორმაციო გამოშვებებში ამ საჩივრებზე საუბრისას. მათ შორის, ზოგიერთი უკვე დაიბარეს სასამართლოში, ზოგს კი – მარიამ გეგუჩაძეს, თამარ ჩერგოლეიშვილს, ელენე ხოშტარიას, ქეთი მოლაშვილი, რომელთა პოსტების ფოტოები ასევე აჩვენეს, სავარაუდოდ, მომავალში დაიბარებენ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების წინააღმდეგ შსს-ში სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული, მათი შეფასებით, შეურაცხმყოფელი მოსაზრებებისთვის საჩივარი შეჰქონდა 6 ივნისს გავრცელდა.
როგორც პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ „კარგად ორგანიზებული ზიზღისა და ტერორის კამპანია“ მიმდინარეობდა.
„სიძულვილის ენა – იქნება ეს ორკესტრირებული შეურაცხყოფა, მიზანმიმართული კამპანია თუ პოლიტიკური ძალადობის წახალისება, – ვერ იქნება ქართული პოლიტიკის ნაწილი. უცხოეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტები არ ერიდებიან უშვერი სიტყვებით ლანძღვას, მუქარას, ბულინგს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფას, რამაც, როგორც აღვნიშნეთ, იმდენად მასშტაბური და სისტემური ხასიათი მიიღო, რომ ტერორზე რეაგირება არა მხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ვალდებულებაა“, – განაცხადა კირცხალიამ.
“ოცნება” არ ასაჯაროებდა რომელი პოსტების გამო, ვინ და ვის უჩიოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ზოგიერთი პირი დაიბარეს სასამართლოში მსგავსი შემთხვევის გამო, მათ თავად დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელში.