ირაკლი ფავლენიშვილი – თემურ ქათამაძე, პატრიოტიზმის სიმბოლო, ივანიშვილმა ქვეყნიდან გააძევა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის ათი ათასობით წარმომადგენლებს მოქალაქეობა აჩუქა – ეს უსამართლობაც გამოსწორდება რუსული რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ

თემურ ქათამაძე, რომელიც არის სიმბოლო საქართველოს პატრიოტიზმის და რომელიც 9 აპრილის შემდგომ საკუთარი ფეხით ჩამოვიდა საქართველოში ოკუპანტებთან საბრძოლველად, ივანიშვილმა გააძევა ქვეყნიდან მაშინ, როდესაც ათი ათასობით ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს აჩუქა მოქალაქეობა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც აქტივისტის, თემურ ქათამაძის მიერ ქვეყნიდან გაძევების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, „სხვა უსამართლობებთან ერთად, „რუსული რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ ეს უსამართლობაც გამოსწორდება“.
„მინდა გამოვეხმაურო თემურ ქათამაძის გაძევების საკითხს, რომელიც დღეს დილით გახდა ჩვენთვის ცნობილი. ბათუმელი, რომელიც არის ჩვენთვის სიმბოლო საქართველოს პატრიოტიზმის ბოლო წლების განმავლობაში, რადგან ეს ადამიანი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი თემის წარმომადგენელი – იმ თემის, რომლებსაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრება უწევდათ და რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ სრულფასოვან მოქალაქეებად ქცეულიყვნენ, თუმცა ივანიშვილის რეჟიმი ხელს უშლიდა და ახლა უკვე საქართველოს პატრიოტი მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. ძალიან ნიშანდობლივია, რომ მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი უკანონო მიგრანტი ცხოვრობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლებიც მათ შორის ავიწროებენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და არის კონკრეტული ფაქტები, თუნდაც როგორ მიიტაცეს უძრავი ქონების ბიზნესი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებმა და როდესაც სრულიად გაუგებრად ათი ათასობით მოქალაქეობაა გაცემული, ამ დროს სულით და გულით ქართველი, რომელიც 9 აპრილის შემდგომ ჩამოვიდა საქართველოში რუს ოკუპანტებთან საბრძოლველად, ივანიშვილმა გააძევა ქვეყნიდან, თუმცა სხვა უსამართლობებთან ერთად, ასევე ეს უსამართლობაც გამოსწორდება რუსული რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ამასთან, ფავლენიშვილმა უპასუხა „ქართული ოცნების“ პოზიციას, რომ ოპოზიცია ბრიუსელში საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობების დასაზიანებლად წავიდა და აღნიშნა, რომ „თუ ვინმე აფუჭებს ამ ურთიერთობას, ეს არის რუსული ოცნება, რომელიც იქცა კონფლიქტის წყაროდ საქართველოს და ევროპას შორის“.
„იმ გუნდის მიერ, რომელმაც შეაჩერა ოფიციალურად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ისტორიულ მინიმუმზე დაიყვანა ჩვენი ურთიერთობები დასავლურ სამყაროსთან, ძალიან ირონიული გახლავთ იმის თქმა, რომ თითქოს და ვინმე აფუჭებს ურთიერთობას საქართველოს და დასავლეთს შორის, თუ ვინმე აფუჭებს ამ ურთიერთობას, ეს არის რუსული ოცნება, რომელიც იქცა კონფლიქტის წყაროდ საქართველოს და ევროპას შორის და რომლის გამოც საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და ყველაფერს დასავლურს ამ ქვეყანაში შეექმნა საფრთხე.
ზოგადად, არსებობს ძალიან ბევრი პოლიტიკური საკითხი, რომელიც განიხილება ჩვენი წარმომადგენლების ვიზიტის დროს. ჩვენი ლიდერიც, თინა ბოკუჩავაც არის წასული. მინდა შეგახსენოთ ეუთო-ს განცხადება, სადაც ისინი მოითხოვენ იმ ფაქტის გამოძიებას, როდესაც გაიტაცეს თინა ბოკუჩავას ოჯახის წევრი. ზოგადად, ადამიანის უფლებების დარღვევა და ბევრი რეპრესიული კანონი ფიქსირდება საქართველოში და საქმე გვაქვს დასავლური კურსის არა შეცვლასთან, არამედ პირდაპირ ავტორიტარულ ბანაკში გაწევრიანების გეგმასთან, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს, ამიტომაც ძალიან ბევრია სასაუბრო თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ივანიშვილის ბანდის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე – პარტიის ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტულია – თუ პირველივე განცხადებით თავს დაესხმება გუნდს, არ მგონია, ეს ის პოზიცია, რაც შორსმჭვრეტელობას ასახავს

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა