დონორის ფულით საექსპერტო დახმარებას და ცოდნის გაზიარებას მთავრობის ნებართვა დასჭირდება

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია გრანტად იქნება მიჩნეული.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა დღეს, 10 ივნისს, პლენარულ სხდომაზე „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
„გრანტების შესახებ“ რეპრესიული კანონი „ქართულმა ოცნებამ“ აპრილში მიიღო. მიღებული ცვლილებებით, მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება აიკრძალა. „ოცნების“ მიერ მიღებული კანონი გრანტის გამცემს (დონორს) ავალდებულებს, რომ შესაბამისი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიმართოს და წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
როგორც დღეს თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, 2 თვის წინ მიღებულ კანონში გრანტის ცნების შესახებ ჩანაწერი დაზუსტდება.
„შემოთავაზებული ცვლილებით, მათ შორის, ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია ასევე იქნება მიჩნეული გრანტად.
ასევე, გრანტის ფარგლებში გაცემული სახსრების გამოყენების სფეროებთან მიმართებითაც არის ტექნიკური დაზუსტებები, როგორიც უკავშირდება ჰუმანიტარულ სფეროს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს. ასევე, ზუსტდება გრანტების გამცემი სუბიექტებს ნუსხა. აქაც მკაფიოდ მიეთითება, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული ფინანსური სახსრები შეიძლება იქნეს მიჩნეული გრანტად“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
ამასთან, თორნიკე ჭეიშვილის თქმით, „გრანტების შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ „პრაქტიკაში გამოიკვეთა დამატებითი საკითხები, რაც დაზუსტებას საჭიროებს, რათა შესაბამისი პროცესების ადმინისტრირება უფრო მეტად მოქნილი და ეფექტიანი გახდეს“.
„კერძოდ, იდენტიფიცირებულ იქნა რამდენიმე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაცემული გრანტები თავისი არსით ნაკლები რისკის შემცველია სახელმწიფო სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის და ამდენად, ისინი შეიძლება არ დაექვემდებარონ თანხმობის გაცემის სამართლებრივ რეჟიმს. არსებული ნორმატიული მოწესრიგებითაც არის დაშვებული გამონაკლისები, მათ შორის, საგანმანათლებლო-სამეცნიერო სფეროზე“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი თქმით, მთავრობისგან თანხმობის მიღების ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება:
· ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა: „ჰორიზონტი ევროპა“ და „ერაზმუს +“
· გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD)
· საქართველოს და ევროკავშირს შორის მოქმედი „შემოქმედებითი ევროპის” ფარგლებში გაცემული გრანტები.
· რას ითვალისწინებს „ოცნების“ ახალი კანონპროექტი გრანტების წინააღმდეგ