“იქ რა გინდა, ჩვენთან გადმოდი და დაფინანსებაც გექნება” – იქ, წალენჯიხაში, მინისტრი გუნდის წევრების დაფინანსებაზე დაუფინანსებელ თანამშრომლებთან

თაიმერის ინფორმაციით, 27 დეკემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი წალენჯიხის სალოტბარო სკოლის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს შეხვდა.
შეხვედრაზე წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელაქანიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ წალენჯიხის მერიის პრიორიტეტი კულტურა და განათლება ნამდვილად არის, თუმცა ბელქანიას თქმით, საჭიროა, რომ კულტურის სამინისტრომ სალოტბარო სკოლას მეტი ყურადღება მიაქციოს. ბელქანიამ წულუკიანს, როგორც ქვეყნის ვიცე-პრემიერსა და კულტურის მინისტრს უთხრა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მთავრობას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე წერილებს უგზავნის, თუმცა უწყება პასუხად დუმილს ამჯობინებს. მერის მოადგილემ წულუკიანს ენგურჰესი და სქურის გზა და სხვა პრობლემებიც შეახსენა.
როგორც ჩანს, ბელქანიას გამოსვლა მინისტრ თეა წულუკიანს მაინცდამაინც არ მოეწონა და ჯერ იყო და საკუთარი გამოსვლა ასე დაიწყო: – მოგესალმებით ჩემ თანამშრომლებს. ამის შემდეგ, წულუკიანს მადლობის თქმაც მოუწია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, სალოტბარო სკოლის შეფარებისთვის, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყების დაფინანსებისთვის.
მინისტრმა გადაწყვიტა, თამარ ბელქანიას საჯაროდ შესთავაზა “ოცნების” გუნდში გადასვლა:
წულუკიანი:
-იქ რა გინდა, სადაც ხარ. ჩვენთან, გადმოდი და დაფინანსებაც გექნება და ყველაფერიც.
ბელქანია:
-ზუსტად ვიცი სადაც ვდგევარ და ჯობია ერთად დავდგეთ ხალხის სამსახურშიო.
წულუკიანის ცინიზმმა დარბაზში მსხდომთა უსიამოვნება გამოიწვია, გაუგებარი იყო, რა იგულისხმა მინისტრმა, სად აქ არ უნდა იყოს მერის მოადგილე და რატომ თვლის რომ რომელიმე ქალაქის მერიაში მუშაობა მიუღებელია და ასევე, ისიც შეურაცხმყოფელი იყო მოქალაქეებისათვის, რომ თურმე, მინისტრი თვლის, რომ მხოლოდ მისი გუნდის წევრებს უნდა გამოუყოს დაფინანსება რაიონის პრობლემების მოსაგვარებლად და თუ მისი გუნდის წევრები არ არიან ადგილობრივ ხელისუფლებაში, დაე, მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტი აკმარონ წლობით დაგროვილ პრობლემებს და ბონუსად, მისივე სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიც ამ მწირი ბიუჯეტიდან დააფინანსონ. ორმაგად უხერხული იყო ეს განცხადება იმის გათვალისწინებით, რომ სალოტბარო სკოლის მხოლოდ 2 პედაგოგს უხდის სამინისტრო ხელფასს, დანარჩენებს კი, “იქ”, ანუ წალენჯიხის მერია უხდის ხელფასს.