„ეს უდავოდ იყო ერთ-ერთი ყველაზე გაბედული, მეტიც, თავხედური იერიში დრონებით, რაც კი ოდესმე გვინახავს. ეს აჩვენებს, რომ ომში სიურპრიზი, მეტოქის გაოცება კვლავაც შესაძლებელია – მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საპირისპიროს ამტკიცებს…
ეს იყო კულმინაცია სამი წლისა და მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ინოვაციის, კრეატიულობისა და ომის ხელოვნების ევოლუციისა“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ავსტრალიის არმიის თადარიგის გენერალ-მაიორი მიკ რაიანი, უკრაინის დრონების მასშტაბურ ოპერაციაზე საუბრისას, რომელსაც „ობობას ქსელი“ ( Павутина- Spider Web) უწოდეს. რაიანი ამბობს, რომ ეს იერიში არა მხოლოდ უკრაინის ომის მომავლისთვის, არამედ მთლიანად ომის წარმოებასა და სტრატეგია-ტაქტიკის ხელოვნებაში ახალი ქვეთავის გადაშლას უდრის.
ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში მიკ რაიანი, რომელიც უკრაინის ომის თემატიკაზე ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ დასავლელ ექსპერტად მიიჩნევა, ამ უპრეცედენტო ოპერაციას სტრატეგიულ, ფსიქოლოგიურ და გეოპოლიტიკურ ჭრილში აფასებს –რუსეთის საჰაერო შესაძლებლობების დაკნინებით დაწყებული, ევროპის, ვაშინგტონისა და სხვა ქვეყნების რეაქციების ჩათვლით.
რადიო თავისუფლება: ოპერაცია „ობობას ქსელი“ – რა მასშტაბის მოვლენაზე ვსაუბრობთ და რას შეცვლის ეს უკრაინის ომში, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ჭრილში?
გენერალი მიკ რაიანი: ვფიქრობ, ამ ოპერაციის გავლენა უშუალოდ უკრაინის ომის ფარგლებს სცდება, მას დიდი მნიშვნელობა ექნება ზოგადად ომის, სამხედრო ხელოვნების მომავლისათვის, მაგრამ კი ბატონო, მოდი, უკრაინით დავიწყოთ.
ამ კონკრეტულ კონფლიქტში, „ობობას ქსელმა“ სამხედრო თვალსაზრისით, საგრძნობლად შეამცირა და დააკნინა რუსეთის სამხედრო ავიაციის შეტევითი შესაძლებლობები – უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, ზუსტად რა რაოდენობით ბომბდამშენები გაანადგურეს, მაგრამ ცხადია, რომ მათ შორის არის თვითმფრინავები, რომლებიც ზუსტ, გრძელ მანძილზე წვდომის, მსხვილქობინიანი რაკეტების სასროლად გამოიყენებოდა, რომელთა ნეიტრალიზება უკრაინას ყველაზე მეტად უჭირდა. ესაა ამ ოპერაციის პირდაპირი სამხედრო სარგებელი.
უკრაინელებს რაღაც განსაკუთრებული ნიჭი თუ ალღო აქვთ, ზუსტად დაინახონ, შენიშნონ, სად ვერ მოასწრეს რუსებმა ადაპტაცია. რუსეთის ავიაბაზებს უკვე მერამდენედ დაარტყეს, ისინი კი ადაპტირებას აგვიანებენ – თანამედროვე ომში, თუ საკმარისად სწრაფად არ ერგები სიტუაციას, მტერი აუცილებლად გადაგახდევინებს ამის საზღაურს.
მაგრამ შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური გავლენა – იქნება ეს რუსეთის საჰაერო ძალებზე თუ უშუალოდ რუს მოსახლეობაზე. არ ვფიქრობ, რომ ეს პუტინის გათვლებს შეცვლის – ძნელი წარმოსადგენია რამე ისეთი, რაც მას აზრს შეაცვლევინებს, რადგან კარგად იცის – თუკი ომს წააგებს, ასიათასობით ბრაზმორეული ჯარისკაცი შინ დაბრუნდება, ხალხი კი ჰკითხავს: „საერთოდ რისთვის იყო ეს ყველაფერი?“ ასე რომ, არ მგონია, ამ ოპერაციამ ომის რაკურსი შეცვალოს – ამისთვის საჭირო იქნებოდა პუტინის გათვლების შეცვლა, აქამდე კი ჯერ არ მივსულვართ.
მაგრამ, როგორც ზემოთ უკვე ვახსენე, ვფიქრობ, ოპერაციის ყველაზე დიდი გავლენა სხვაგან უნდა ვეძებოთ – ეს ოპერაცია ცვლის აქამდე არსებულ აღქმებს, იმას, თუ როგორ აღიქვამენ და შეაფასებენ ახლა სხვა სამხედრო სტრუქტურები საკუთარ შესაძლებლობებსა და რესურსებს მოწინააღმდეგეზე შორი მანძილის დარტყმების განსახორციელებლად. ცივი ომის დროს მხოლოდ ზესახელმწიფოებს შეეძლოთ ასეთი ტიპის ოპერაციების ჩატარება. ახლა კი, გამოდის, ყველას შეუძლია. ბარიერი დაწეულია – არა მხოლოდ სახელმწიფოებისათვის, არამედ სხვა აქტორებისთვისაც. მაგალითად, ნარკოკარტელებსაც კი შეუძლიათ ამის გაკეთება, ან კიდევ ჰუსიტ აჯანყებულებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველამ, და განსაკუთრებით – დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა, დრამატულად უნდა გააძლიერონ სამხედრო ბაზების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის ხარისხი. დემოკრატიული ქვეყნები ამ მხრივ ბევრად უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე რუსეთი.