დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა.
ცენტრის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა და აღნიშნა, რომ ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ფურცელაძეს, კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2002 წლიდან 2024 წლამდე ის სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე „ავერსი-ფარმაში“ მუშაობდა. 2011-2023 წლებში იკავებდა ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას. ამავდროულად, 2016-2018 წლებში, იყო სადაზღვევო კომპანია „ალფას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური იყო 2022 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც ამირან გამყრელიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ NCDC-ის დირექტორის მოვალეობას ჯერ თამარ გაბუნია, შემდგე კი პაატა იმნაძე ასრულებდნენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ CompanyInfo-ს ვებ-გვერდის თანახმად, ირაკლი ფურცელაძე ფლობს წილს თხილის საწარმო „აგრი მენეჯმენტი გრუფ ოფ ჯორჯიაში“ და 2012 წლის არჩევნების წინ 50 ათასი ლარი აქვს შეწირული „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
· NCDC-ის 100-ზე მეტი თანამშრომელი აკრიტიკებს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე “ოცნების” გადაწყვეტილებას
· სოცმუშაკის ცნობით, ტუბცენტრი არ იღებს უცხოელ პაციენტს, რომელიც გადამდებია
· რიგ პროექტებზე დაპაუზდა – NCDC-ის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი აშშ-ის დახმარებაზე
