ვინც არ უნდა იყოს საქართველოში ელჩი, ამით მოცემულობა არ შეიცვლება. ამერიკის ელჩები ანტიამერიკული რეჟიმის გემოვნებით არ დაინიშნებიან , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ საქართევლოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, ელჩის შეცვლით მოცემულობა არ შეიცვლება, რადგან მისი თქმით, ამერიკის პოზიცია ანტიამერიკული რეჟიმების მიმართ უცვლელია.
„ადამიანს სრული ლეგიტიმაცია აქვს, დატოვოს ელჩის პოსტი და წავიდეს პენსიაზე. თუკი ეს მისი საჯარო პოზიციაა, რატომ უნდა ვეძებოთ კონსპირაციული თეორიები და დამატებითი მიზეზები. მგონია, რომ ცრუ იმედები, როგორც ასეთ დროს „ქართულ ოცნებას“ უჩნდება, რომ ამერიკა მსოფლიოში გახდება ტოტალიტარული რეჟიმების მფარველი, არ არის სწორი. ელჩის წასვლას არ მოჰყვება ის, რომ ამერიკა მიიღებს საქართველოს ავტორიტარულ-პრორუსულ რეჟიმს. ოკეანეს მიღმა გვესმის ფორმულირებები რომ „ქართული ოცნება“ არის ანტიამერიკული ხელისუფლება. ვინც არ უნდა იყოს აქ ელჩი, ამით მოცემულობა არ შეიცვლება. ამერიკის ელჩები ანტიამერიკული რეჟიმის გემოვნებით არ დაინიშნება. კი, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად სჭირდება ხავსი“,- განაცხადა ფოფხაძემ.
ამასთან, ფოფხაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა, კერძოდ ევროპარლამენტის მოწოდებას ოპოზიციური პარტიებისადმი, რომ ეს შანსი გამოიყენონ. ფოფხაძის შეფასებით, ასეთ მოწოდებებში რაციონალური მესიჯი მართლაც დევს, თუმცა რეალური პოლიტიკური მოცემულობა საქართველოში ამის სრულად უზრუნველყოფის საშუალებას არ იძლევა:
„ის, რომ პარტიები არჩევნებს უნდა უყურებდნენ, როგორც შესაძლებლობების სივრცეს, ნორმალურია, მაგრამ არის მოცემულობა, რომელიც საქართველოშია. ამავე ტექსტში ხაზგასმით არის აღნიშნული ის, რომ არჩევნების აუცილებელი წინაპირობა, რომ ის შესაძლებლობად იქცეს და არა სხვა სახის მოვლენად, საარჩევნო გარემო უნდა იყოს შეცვლილი, ვენეციის კომისიის დასკვნები არის გასათვალისწინებელი. ასევე გვყავს 60-მდე პოლიტპატიმარი, უკვე აღარ შეიძლება ნორმალურ საარჩევნო გარემოზე საუბარი.
საუბარი არის დათქმებზე, რომ საარჩევნო გარემო უნდა შეიცვალოს. საქართველოში აღარ არის არადემოკრატიული საარჩევნო პროცესი“,- განაცხადა ფოფხაძემ.
კითხვაზე, ბოიკოტის შემთხვევაში რა უნდა იყოს გეგმა „ბ“, ფოფხაძე პასუხობს, რომ ბოიკოტის შემთხვევაში საჭიროა ერთობა და უკომპრომისო ბრძოლა და დასძენს, რომ თვითმმართველობის არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება.
მან ასევე ისაუბრა იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების შესაძლებლობებზე საუბრობენ. მისი შეფასებით, არსებული რეალობის პირობებში არჩევნებზე საუბარი თვალთმაქცობაა და არავითარი პრაქტიკული შედეგი არ ექნება:
„მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ ბოიკოტის პროცესში უნდა გავერთიანდეთ. ვინც ვთანხმდებით, რომ რუსული კოლაბორალისტური რეჟიმის არ აღიარება არის მთავარი პრინციპი, ისინი ერთად უნდა დავდგეთ და გამოვიჩინოთ მაქსიმალური უკომპრომისობა ბრძოლაში. მე არ მინდა ვინმეს კონკრეტული მეთოდები შევთავაზო, რადგან ეს არის მსჯელობის საგანი. კოალიციის შიგნითაც არ არის ერთიანი პოზიცია. მე შეიძლება მქონდეს უფრო რადიკალური პოზიცია, სხვებს კი უფრო აკადემიური. ყველა, ვინც ლაპარაკობს თვითმმართველობის არჩევნებზე, მისი ბაგეებით ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი.
საარჩევნო გზა არ არსებობს, ეს არის თავის მოტყუება. თვალთმაქცობაა, როდესაც საუბრობ არჩევნებზე გასვლაზე, როდესაც 60-მდე პოლიტპატიმარია, მედიას ზღუდავენ, საარჩევნოდ ყველგან სუს-ი ალაგებს სიტუაციას. თვითმმართველობის არჩევნების დონეზე არავინ ცვლის ხელისუფლებას“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
